ორშაბათიდან თბილისს, ახალი ავტობუსები მოემსახურება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. მოსახელობას ავტობუსები ორშაბათიდან მოემსახურება.

კახა კალაძემ განსაზღვრა 10 მარშუტი, რომლებზეც ავტობუსები გადანაწილდებიან.

“უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება. N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 1 ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე,”-განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი, მწვანე ავტობუსები  82 მგზავრზეა გათვლილი, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ხელშეკრულება გაფორმდა დამატებით  ISUZU-ს ფირმის, 220 ერთეული ავტობუსის შემოყვანაზეც, რომელიც წლის ბოლოს თბილისის მოსახლეობას მოემსახურება.

„წლის ბოლომდე 8-მეტრიანი, ISUZU-ს ფირმის ავტობუსები უნდა შემოვიდეს. ამით მთლიანად ჩავანაცვლებთ ყვითელი ავტობუსების პარკს. ასევე, მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს კიდევ დამატებით 200 ერთეული, 12-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. აქედან 100 გაზზე მომუშავე იქნება, 100 კი ელექტრო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

8-მეტრიანი ავტობუსები, 53 მგზავრზე იქნება გათვლილი და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. MAN-ის ავტობუსების მსგავსად, ISUZU-ს მარკის ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

მსგავსი თემები