ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა

თბილისის ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო არეალში 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.

კალაძის ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.

“რამდენიმე მისამართი დაგვემატა, რომელთა რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ასევე, ადგილზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც გვაქვს დაგეგმილი, რათა აღნიშნული უბანი ერთიან კონტექსტში განახლდეს. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს,როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. ეს არის ჩვენი ქალაქის სილამაზე, რომელსაც მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 20-მდე მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს ითვალისწინებს, რომელთაგან ორი – ათონელის N9-N11-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ასევე, რიგ მისამართებზე დასრულებულია დეკორატიული ელემენტებისა და ლითონის მოაჯირების აღდგენა-რესტავრაცია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს შესაბამისი წესების დაცვით, სათანადო სამუშაოები ჩაუტარდება. ასევე, დაგეგმილია ათამდე შენობის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ჯამური ღირებულება 65 მილიონ ლარამდეა და მათი ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.

2017 წლის განმავლობაში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, წყალარინების, ბუნებრივი აირის და ა.შ.) სრული განახლება და იმ ქსელების მოწყობა (სადრენაჟე, სანიაღვრე) განხორციელდა, რომელიც აღნიშნულ ზონაში მანამდე არ ფუნქციონირებდა. სამუშაოების ღირებულებამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.

სარეაბილიტაციო არეალი მშრალი ხიდიდან ათონელისა და ფხოვის ქუჩების გავლით, ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, მათ შორის, ხაზინისა და ფურცელაძის ქუჩებს, ასევე, გრიგოლ ორბელიანისა და 9 აპრილის სახელობის ბაღების ნაწილს. აღნიშნული მონაკვეთი მუშთაიდის პარკიდან დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებაა.

ორბელიანის მოედანზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი თემები