“ოპოზიციის ისტერიამ სხდომა არია” – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არაჩილ თალაკვაძე, არალოგიკურს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებას, თითქოს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის ჩატარება ბიძინა ივანიშვილს არ სურდა და უმრავლესობას დავალებული ჰქონდა სხდომა არ ჩატარებულიყო.

​მისი თქმით, კომიტეტის უმრავლესობა არის „ქართული ოცნება“, თავმჯდომარე „ქართული ოცნების წარმომადგენელია და კომიტეტის სხდომაზე ამ ადამიანების მოწვევა პროცედულად „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო.

„ბიძინა ივანიშვილს ასეთი დავალება თუ ჰქონდა გაცემული, რაც ოპოზიციის სრულიად უსაფუძვლო ვარაუდია, როგორ მოხდა ის, რომ სხდომაზე გამოცხადდა სამი ბანკირი – ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და „თი-ბი-სი ბანკის” ყოფილი წარმომადგენელები და ახლანდელი აქციონერები. განხილვა თუ არ უნდა შემდგარიყო, თუ კომიტეტზე ეროვნული ბანკი არ უნდა ყოფილიყო, რანაირად მოხდა რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვიდა სხდომაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციამ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არეულობა გამოიწვია და მათ ბანკირებს საშუალება არ მისცეს პოზიცია გამოეხატათ.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უპასუხებდა ყველა შეკითხვას, ასევე დაასახელა ასეთი ფორმატის რისკები და საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკასთან შეუსაბამობა, მაგრამ რაც მერე ვნახეთ, ოპოზიციის ისტერია, მათი ქცევა, ვნახეთ თუ როგორი ინტერვენციები ჰქონდათ და რა რეპლიკებს ისროდნენ ამ სხდომაზე, პრაქტიკულად მათ ეს სხდომა არიეს, გამოიყვანეს ყოველგვარი საქმიანი ფორმატიდან და რეალურად, ამ სამ ბანკირს არ მიეცათ საშუალება, რომ თავისი პოზიციები გამოეხატათ. ამ ქალბატონებმა და ბატონებმა მოახერხეს ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი რომან კაკულიაც გამოიყვანეს მდგომარეობიდან და მას პრაქტიკულად არ მისცეს კომიტეტის სხდომის ჩატარების საშუალება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტი მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები