ოპოზიციას გაუჭირდება პრეზიდენტობის საერთო კანდიდატის წარდგენა – თამარ კორძაია 

​რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო მდივანი თამარ კორძაიას აზრით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნებისთვის ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდებათ პრეზიდენტობის საერთო კანდიდატის გარშემო გაერთიანება.

“როგორი უნიკალური საპრეზიდენტო კანდიდატიც არ უნდა იყოს და არსებობენ ასეთი ადამიანები, პოლიტიკური პარტიები იმდენად დაშლილია, იმდენად წარმოუდგენელია მათი ერთიანობა, რომ ვერც ერთი კანდიდატის გარშემო ისინი ვერ გაერთიანდებიან. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რისი გადალახვაც ჩვენი აზრით ვერ მოხერხდება ამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე”, – აცხადებს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავისი კანდიდატი ჯერჯერობით არც რესპუბლიკურ პარტიას  ჰყავს, თუმცა აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს მოუსმენენ და იმას დაუჭერენ მხარს, ვინც გაიზიარებს მათი პარტიის ძირითად პოსტულატებს – გაიმიჯნოს ეკლესიისა და ხელისუფლების უფლებები, განათლება იყოს პრიორიტეტული, თვითმმართველობებს რეალური უფლებები გადაეცეთ და მოხდეს დეცენტრალიზაცია.

“მოვუსმენთ ​პრეზიდენტობის კანდიდატებს, დავსვამთ კითხვებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და კანდიდატი, რომელიც მხარს დაუჭერს ჩვენი პარტიის იდეებს, რომ ქვეყანაში მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ეკლესიისა და ხელისუფლების უფლებები, პრეზიდენტი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში განათლების სისტემა წამოიწიოს, პრეზიდენტი, რომელიც თვითმმართველობების  გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის იდეას დაუჭერს მხარს, ჩვენთვის ასეთი კანდიდატები საინტერესო და მისაღები იქნებიან. ასევე მოვუსმენთ მარგველაშვილსაც, თუმცა არ მახსოვს, რომ თვითმმართველობასთან დაკავშირებით მას მკაფიო პოზიცია გამოეხატოს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ დღეს, მედიანეტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები