ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ე.წ. სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო.

ექიმის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ჯარიმის დაკისრების შემდეგ გამოუშვებენ. თამილა ლაფანაშვილის თქმით, თუ ვაჟა ექიმი უახლოეს მომავალში არ გათავისუფლდება, რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

“დღესაც ველოდები, ხვალაც ველოდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია. იმედია გადაწყდება, რომ სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას და შემდეგ გამოშვებას, იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება. ვფიქრობ, უფრო უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა და მოვითხოვოთ ადამიანის უფლებების დაცვა. იმედია, მივიღებთ შედეგს ძალიან სწრაფად, თუ არადა, შემდეგ სხვა ეტაპზე გადავალთ არა თხოვნით, არამედ რადიკალური მოთხოვნით,” – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმის გათავისუფლების იმედი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესაც. აბაშიძემ გაფრინდაშვილის საკითხი გრიგორი კარასინთან შეხვედრისას განიხილა, სადაც კარასინმა აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილს მალე გამოუშვებენ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტების დასახმარებლად წასული ექიმი სამ კვირაზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

მსგავსი თემები