“ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა” – მამუკა ბახტაძე

“საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დაიწყო ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ოკუპაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2008 წელი იყო ოკუპაციის გაგრძელება.

„ძალიან დიდი შეცდომაა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე არ ხდებოდა აქცენტის სწორად დასმა. ქართული მოსახლეობის დევნა და ოკუპაცია 90-იან წლებში დაიწყო. რაც შეეხება 2008 წელს, ეს იყო შემდეგი ეტაპი. ეს არის დიდი ტკივილი, დიდი ხანი ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს იყო სამწუხაროდ, ძალიან ხილული. ვინც აკეთებს ამაზე სპეკულაციას, ის აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ამას სჭირდებოდა შესაბამისი შეფასების მიცემა. 2008 წელს იყო შემდეგი ეტაპი. შესაბამისად, ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები.

მე კიდევ ერთხელ მსურს, მივმართო ჩვენს მოსახლეობას და ვუთხრა, რომ ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობასა და განვითარებას არ აქვს ალტერნატივა. ეს არის გზა, რომელიც მოგვიყვანს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს დეოკუპაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები