“ობშიაკის ფული“ და საქმის „ქურდულად მოგვარება“ 51-ე სკოლაში

ორი სიტყვა – „საქმის ქურდულად მოგვარება“ და „ობშიაკის ფული“ – 51-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა. „ჰიმნი“, რომელიც მეთორმეტე კლასელებმა გადაიღეს და სადაც ე.წ. ქურდული ტერმინოლოგიაა გამოყენებული, სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კლიპში კლასის დამრიგებელიც მონაწილეობს.

51-ე სკოლა, ხმაურის თემა ორი მიზეზით გახდა. პირველი – ფიზიკური დაპირისპირება მეთერთმეტე კლასელებს შორის და მეორე – მეთორმეტე კლასელების „ჰიმნი“, რომელიც მათ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გადაიღეს. კლიპში მონაწილე მოსწავლეების მშობლებმა „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კლიპის ისტორიასა და შინაარსზე ისაუბრეს.

მათი თქმით, „ჰიმნში“ საპროტესტო არაფერია და გამოყენებული ტერმინოლოგია ე.წ. ქურდულ გარჩევებთან კავშირში არ არის.

„ეს იყო ჩაწერილი ხუმრობით და შარჟიც არ ყოფილა. არცერთი მშობელი არ ჩარეულა კლიპის გადაღებაში. წაკითხული გვქონდა ტექსტი, მაგრამ არავის ჩაუთვლია რომ ეს იყო ქურდული მენტალიტეტის. თიკომ, დამრიგებელმა (ვინც კლიპში მონაწილეობს) ამის შესახებ არ იცოდა, თუმცა მერე ბავშვებმა გადაწყვიტეს რომ დამრიგებელიც ჩართულიყო კლიპში და ჩავრთეთ ისე, რომ მან საერთოდ არ იცოდა კლიპის შესახებ“ – აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა რუსუდან ჩაჩანიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მან ის ისტორიაც გაიხსენა, რაც „ჰიმნის“ შექმნას დაედო საფუძვლად და ეს ისტორია საკუთარ შვილთან დააკავშირა: „ჩემი შვილი, რომელიც არის პირველივე კადრში, ამ სკოლაში მეშვიდე კლასში გადავიდა. თქვენ იცით, რომ ახალი მოსწავლე როცა შემოდის კლასში, მას აქვს ცოტა რაღაცა უთანხმოება კლასში. შეგუების დროს ჰქონდათ რაღაცა დაპირისპირება, თუმცა ეს დაპირისპირებაც არ იყო. ეს იყო ბავშვური დამოკიდებულება, უცხოობის გამო. მოგვარდა ეს ყველაფერი და ამიტომაც იყო კლიპში ნახსენებია სიტყვა „მოგვარდა ქურდულად“. ეს იყო შარჟი“.

რუსუდან ჩაჩანიძის განცხადებით, ამ ატეხილმა ხმაურმა და ხმაურიანმა კლიპმა ბავშვებს პოპულარობა მოუტანა. „მადლობაც მინდა ვუთხრა ყველას იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა ამ კლიპმა ბავშვებს“ – აღნიშნა მშობელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ამავე თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://mcm.ge

მსგავსი თემები