“ნუ მივცემთ ჩვენს “ციცქნა” საქართველოს დაპატარავების, დაყოფის, წელში მოხრისა და ხელჯოხზე დაყრდნობის საჭიროებას“ – ბელა ბერკემერ-მახარაძე

„ასე ადვილად ნუ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ გვერდით მყოფ ქართველს, ჩვენს სისხლსა და ხორცს, ზარ-ზეიმით სილა გავაწნათ, მიწასთან გავასწოროთ, ტალახში ამოვსვაროთ და ბოლოს, ფეხებით გადავუაროთ, ვინაიდან ამით ჩვენ საკუთარ “მეს” ვაცამტვერებთ და მეტი არაფერი,“ – აცხადებს გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე „მედიაცენტრ მთავართან.“

როგორც მევიოლინე აღნიშნავს, ის პოლიტიკურ პროცესებში არასდროს ჩარეულა, თუმცა, შექმნილმა ვითარებამ აიძულა, საკუთარი პოზიცია დაეფიქსრებინა.

„მიუხედავად იმისა, რომ მუდამ გამაჩნდა სუბიექტური აზრი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, არასოდეს ჩავრეულვარ პოლიტიკაში და მითუმეტეს არც არასოდეს გადავსულვარ რომელიმე პარტიის გვერდზე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი თავისი პროფესიით უნდა იყოს დაკავებული და სიამოვნებით ემსახუროს იმ საქმეს, რომელიც მას ასე ძალიან უყვარს და გამოსდის. დიახ, მე გახლავართ სწორედ ის ქართველი მევიოლინე ქალი, რომელიც ფიზიკურად, თითქმის უკვე 20 წელია დააბიჯებს გერმანიის მიწაზე, მაგრამ სულიერად ერთი წამითაც არ მიუტოვებია თავისი სამშობლო, ვინაიდან სუნთქვაც კი წარმოუდგენლად ეჩვენებინა მისი ქართველების გარეშე“ – განუცხადა ბელა ბერკემერ-მახარაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მევიოლინე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს: „ამიტომ, მინდა თავს უფლება მივცე და თხოვნით მოგმართოთ ჩემო ძვირფასო ქართველებო! მოდით რაა, ასე ადვილად ნუ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ გვერდით მყოფ ქართველს, ჩვენს სისხლსა და ხორცს ზარ-ზეიმით სილა გავაწნათ, მიწასთან გავასწოროთ, ტალახში ამოვსვაროთ და ბოლოს ფეხებით გადავუაროთ, ვინაიდან ამით ჩვენ საკუთარ “მეს” ვაცამტვერებთ და მეტი არაფერი. უფრო მეტი დაფიქრება და ცივი გონებით მოქმედება არ გვაწყენდა ისედაც ტემპერამენტიან ქართველებს, რადგანაც ცხელ გულზე ნამოქმედარს, შეუძლია დაუვიწყარი ტკივილისა და უდიდესი განსაცდელის მოყენება.

ნუ მივცემთ ჩვენს ისედაც “ციცქნა” საქართველოს უფლებას უფრო მეტად დაპატარავებისა, დაყოფისა, დაქსაქსვისა, წელში მოხრისა და ბოლოს, ხელჯოხზე დაყრდნობის საჭიროებისა, ვინაიდან 100% დარწმუნებული ვარ ერთში, რომ გაერთიანებული საქართველო, ერთიანი სულისკვეთებით, იდეებით და ერთმანეთის სიყვარულით კიდევ უფრო მეტად ძლიერი გახდება, გაიზრდება, აყვავდება და გამრავლდება. უზომოდ მიყვარხართ და გეფერებით ჩემებო“,- განაცხადა ბელა ბერკემერ-მახარაძემ.

მსგავსი თემები