ნინო გოგუაძე: „ევროპის საბჭოში კრიზისის შექმნას რუსეთის ფედერაცია ცდილობს“

„როდესაც რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციით არღვევს ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს, საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს ერთიანი, პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეთ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ, სტრასბურგში, მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე, განაცხადა. დეპუტატის თქმით, ევროპის საბჭოში კრიზისის შექმნას რუსეთის ფედერაცია ცდილობს. გოგუაძის აზრით, ამ გამოწვევებთან გამკლავება და კრიზისის დაძლევა შეუძლებელია საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილების შემცირების გზით მოხდეს. დეპუტატი ევროსაბჭოს რუსეთის წინააღმდეგ უფრო თამამ და ქმედით პოლიტიკას სთხოვს.

„რამდენი ხანი უნდა ვიაროთ ერთსა და იმავე ჩაკეტილ წრეზე და ვეცადოთ პოლიტიკური საკითხების პროცედურების გზით გადაწყვეტა? და რამდენჯერ უნდა ავარიდოთ თავი ყველაფრისათვის თავისი სახელის დარქმევას? ანგარიში ასკვნის, რომ ევროპის საბჭო ღრმა პოლიტიკურ და ფინანსურ კრიზისშია და გვთავაზობს ამ კრიზისის დაძლევას საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილების შემცირების გზით. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ საპარლამენტო სისტემების მქონე ქვეყნებს და ჩვენ, პარლამენტის წევრები ბუნებრივად მხარს ვუჭერთ ძლიერ საპარლამენტო წარმომადგენლობას, აღჭურვილს ეფექტური უფლებამოსილებით, რათა გამოასწოროს ხარვეზები ან მიაღწიოს პროგრესს“, – აღნიშნა ქართველმა პარლამენტარმა.

ნინო გოგუაძის განცხადებით, არის მცდელობა საპარლამენტო ასამბლეის პრინციპები და პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებს მოერგოს, რაც მისივე შეფასებით, დააკნინებს ორგანიზაციის იდეას და საბოლოო ჯამში, რუსეთი კვლავ დარჩება ქვეყნად, რომელსაც ოკუპირებული აქვს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიები.

„დღეს განვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც ჩვენ, პარლამენტების არჩეულ წევრებს გვთავაზობს ჩვენი სუვერენული უფლებების შესუსტებას. რეალურად, იმ პრობლემას, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, არ აქვს პროცედურული გამოსავალი. რეალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ევროპის საბჭოს ერთი წევრი ქვეყანა მუდმივად არღვევს ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს და აქამდე ჩვენ ვერ მოვახერხეთ კონსენსუსის მიღწევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავაბრუნოთ ეს სახელმწიფო ორგანიზაციის პრინციპებთან. ამის მაგივრად, ჩვენ მოწმე ვართ მცდელობისა, საპარლამენტო ასამბლეის პრინციპები და პროცედურები მოვარგოთ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებს. თუკი ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე წევრი ქვეყანა გადაუხვევს პრინციპებს, ჩვენ ვეცდებით ჩვენი წესების მორგებას ამ დარღვევებზე, ჩვენ დავაკნინებთ ორგანიზაციის მთელ იდეას და ამგვარი დამოკიდებულებით, რუსეთი კვლავ დარჩება ქვეყნად, რომელსაც ოკუპირებული აქვს მისი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიები და ქვეყნად, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს ევროპის საბჭოს ორგანოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების შესაძლებლობა, თუმცა ამ კოორდინაციის პროცესში ევროსაბჭოს ინსტიტუტებმა მიერ თავიანთი სუვერენული უფლებამოსილებები დამოუკიდებლად და შეზღუდვების გარეშე უნდა განახორციელონ“, – აღნიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, არსებობდეს ძლიერი უფლებამოსილებებით აღჭურვილი საპარლამენტო ასამბლეა, რათა ის გაუმკლავდეს გამოწვევებსა და მათზე რეაგირება მაქსიმალურად ეფექტიანად მოახდინოს. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ ერთიანი და პრინციპული პოზიცია, რომელიც უნდა გამოხატონ თავისუფლად, ყოველგვარი დათქმების გარეშე.

მსგავსი თემები