„ნიკა მელია რუსეთის დროშის აღმართვას აღუდგა წინ“ – „ნაციონალური მოძრაობა“   

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით ხდება და ის იმისთვის ისჯება, რომ რუსეთის დროშის აღმართვას აღუდგა წინ. პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ისევ დაპირისპირებებისა და ურთეირთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

მამუკა ჩიქოვანი კომიტეტების სხდომაზე, პროკურატურისგან მტკიცებულებებს, ვიზუალურ მასალასა და ყველა იმ დოკუმენტის წარმოდგენას ითხოვს, რის გამოც, ნიკანორ მელიას ბრალი წარუდგინეს.

„წარმოადგინეთ ყველა მტკიცებულება, ვიზუალური მასალა, რაც კი გაგაჩნიათ“ – ჩიქოვანის ამ განცხადებას იურისტი დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა.

„სასამართლოში ვართ თუ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტში, რა მტკიცებულებებს და ვიზუალურ მასალებს ითხოვთ. პარლამენტის კომიტეტის სხდომა სასამართლო ხომ არ არის, მასალები განიხილოს და ვერდიქტი გამოაცხადოს“ – ასე მიმართა მას უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძე.

მამუკა ჩიქოვანის განცხადებით კი მელია რუსეთთან ბრძოლისთვის ისჯება: „დღეს თქვენ ნიკა მელიას იმის გამო სჯით, რომ ის, ამ შენობაში, რუსეთის დროშის აღმართვას აღუდგა წინ. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, უნდა შეგეძლოთ ამისი მოსმენა.“

ამ წუთებში, პარლამენტში ისევ ხმაურია, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს იხილავენ.       

მსგავსი თემები