ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაიკითხება

„რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სახით დაიკითხება. ნიკა გვარამია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის წინაშე დაიკითხება.

როგორც თავად ნიკა გვარამიამ განაცხადა, ის გამოკითხვაზე მისვლას აპირებს, თუმცა, მისი დადანაშაულება „რუსთავი 2“-ის მიმართ მატერიალურ ზიანში სისულელეა.

„მისვლას ვაპირებ. არასდროს მითქვამს უარი. ჩემზე ბევრი საქმე არის აღძრული, მაგრამ ეს ყველაზე სულელურია. სრული სისულელეა ჩემი დადანაშაულება „რუსთავი 2“-ის რამე მატერიალურ ზარალში. მე ჩავიბარე მკვდარი კომპანია და იმის მოკლული, ვისი ცოლიც ახლა მიჩივის. ეს კომპანია დავაყენე ფეხზე და შვიდი წელი, მიუხედავად ყველაფრისა, ვაფუნქციონირე, არც ერთი ხელფასი არ დამიგვიანებია და თუ დავაგვიანე, არ ყოფილა ვინმეს რამე დავალიანება. მიზანი ორია, რუსთავი 2-ის დახურვა იგეგმება, რადგან არ არის ფინანსური შესაძლებლობები და თუ ვინმეს უნდა დააბრალონ, ეს ვარ მე. ეს იქნება სასაცილო. დამაბრუნონ და ხვალვე გავცემ ხელფასსაც და არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, აღნიშნული გამოძიების მეორე მიზეზი არის ტელევიზია, რომელსაც ის აკეთებს და რომელიც იქნება „რუსთავი 2“-ზე უკეთესი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა.

ნიკა გვარამიას დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი თემები