ნიკა გვარამია თავისუფალია, სასამართლომ მას 80 000-ის ნაცვლად, 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკური დევნილი სტატუსით აგრძელებს ბრძოლას. „პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები“ – აცხადებს გვარამია და იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან ხელსაყრელია, ქვეყნისთვის კი ცუდი.

„ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამას დიდებულად ჩამოვწერ და ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, მაგრამ, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის კანონმდებლობასა და ყველა სისტემაში, ბრიტანულ-ამერიკულით დაწყებული, გერმანულ-ფრანგულით დამთავრებული, ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში შეჩხირო სისხლის სამართალი. ჩემთვის რა? პოლიტიკურ დევნილობას „მივაწვები“ იმიტომ, რომ ვარ. ეგრეა!“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების  შემდეგ.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მან ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახედ 80 000 ლარის ნაცვლად 40 000 ლარიანი გირაო განსაზღვრა. ასევე, მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე.

ნიკა გვარამიამ, გირაოს თანხა ერთი თვის ვადაში უნდა დაფაროს. თუმცა, მისი განცხადებით, ის არც ერთი ლარის გადახდას აპირებს, რადგანაც თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმე შეკერილია.

პროკურატურა ნიკა გვარამიას  საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გვიან დასრულდა.

მსგავსი თემები