ნებისმიერი ასაკის ადამიანს უნდა ჰქონდეს პროფესიული განვითარების საშუალება – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი, პროფესიული განათლება და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფაა. დაინერგება ახალი სისტემა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს მისცემს საშუალებას სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესია შეიძინოს და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს.  

როგორც მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იდენტიფიცირებულია ის პროფესიები, რომლებშიც დიდია დეფიციტი და სადაც, ეროვნულ ეკონომიკას უახლოეს მომავალში დაჭირდება პროფესიონალები.  

მისივე თქმით, რეფორმა ითვალისწინებს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალების ჩამოყალიბებას.

“თანამედროვე ეპოქა, ახალი ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი სამყარო, ადამიანებისგან  ახალ, კომპლექსურ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკულ აზროვნებას მოითხოვს. საჭიროა ინფორმაციის გადამუშავების, პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარს და ლოგიკური აზროვნება. სწორედ ასეთი მიდგომით არის შემუშავებული და ამ მიზნების მიღწევას ემსახურება რეფორმა, რომელსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას. განათლების რეფორმის მეთოდოლოგიური და ახლებური მიდგომები  ითვალისწინებს სისტემას, რომლის ცენტრშიც იქნება თითოეული ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა თუ მასწავლებელი”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ბახტაძე იმედოვნებს, რომ რეფორმა წარმატებული იქნება და ის ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

“ჩვენ გვეყოლება თანამედროვე ცოდნის მქონე, კონკურენტუნარიანი თაობები, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საქმეში. სწორედ ასე დავძლევთ სიღარიბეს, მივაღწევთ კეთილდღეობას და ჩავდგებით თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების რიგებში და შევქმნით ერთიან, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები