ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს გადაამზადებენ და დაასაქმებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე, ბუნდესტაგის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრს, დოქტორ მატიას ბარტკეს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, დასაქმების აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გერმანული გამოცდილება და ამ კუთხით გერმანიის საკანონმდებლო სიახლეები. 

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია დასაქმების საპილოტე პროექტის შესახებ, რომელიც ნაძალადევის რაიონში, მის სამაჟორიტარო ოლქში გერმანული ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად.

პროექტის ფარგლებში მომზადდება დასაქმების სახელმწიფო მექანიზმის საპილოტე ვერსია, რომლის საფუძველზე ნაძალადევის ოლქში გადამზადდებიან და დასაქმდებიან სამუშაოს მაძიებლები. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის გავრცელდება მთელს საქართველოზე. სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით გერმანიის გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით.

შეხვედრა შედგა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.

მსგავსი თემები