„ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრი გაათავისუფლეს, ერთი კი იზოლატორში რჩება

სამართალდამცველებმა, წუხელ დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს. პარტიის აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია კი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით იზოლატორში რჩება.

ჩხეტია წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და თავს დამნაშავედ არ თვლის. მას ბრალი ადმინისტრაციული სამართალწრმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს.

დაკავებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება, გვიან შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დააკავა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურებრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

გათავისუფლებულები კი აცხადებენ, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში კონკრეტული ავტომანქანით დასდევდნენ და უთვალთვალებდნენ. როცა მანქანა გაჩერდა, მივიდნენ და სთხოვეს წარმოედგინათ საბუთი, ვინ იყვნენ და რატომ ახორციელებდნენ თვალთვალს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. დაკავება სწორედ ამ დაპირისპირებისას მოხდა.

მსგავსი თემები