მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ავტომობილების 10-კილომეტრიანი საცობის პრობლემა ტურისტულ სეზონზე გამწვავდება – დავით მესხიშვილი

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, „მედიაცენტრ მთავართან“ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე არსებულ სატვირთო ავტომობილების 10-კილომეტრიან საცობზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობა პრობლემის მოსაგვარებლად, რის შედეგადაც საავარიო სიტუაციები იქმნება და ეკოლოგიური მდგომარეობა უარესდება, არაფერს აკეთებს.

“მძიმე სურათი თვეებია, გრძელდება,  საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებები კი ამ საკითხზე დუმან.

ბოლო დროს ტრაილერებით ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა, რაც ერთი შეხედვით, თითქოს კარგია, მაგრამ სინამდვილეში ეს რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის კლებას იწვევს და საგზაო უსაფრთხოებას საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის.

წარმოუდგენლად დიდია სატვირთო ავტომობილების კოლონა, რომელსაც დაკავებული აქვს გზის მთლიანი ნაწილის ერთი სამოძრაო ზოლი, რის გამოც, ავტომობილები გადადიან საპირისპირო მიმართულებით. ეს კი ქმნის საავარიო სიტუაციებს, – აცხადებს დავით მესხიშვილი “მთავართან”.

მისივე თქმით, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობაც, რადგან ასეულობით დაქოქილი ტრაილერი ერთ ადგალას არის კონცენტრირებული.

„ეს ყველაფერი ერთობლიობაში აზიანებს საკურორტო ზონას, სადაც სეზონი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ გადატვირთული გზის გამო ადამიანები, რომლებიც მოკლევადიანი ტურით ფიქრობდნენ ჩამოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებენ, როცა იციან, რომ მთელი დღე გზაში უნდა გაატარონ”, – აღნიშნავს მესხიშვილი.

მისივე თქმით, ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდება. თუ მთავრობა ამ საკითხს დროულად არ მოაგვარებს.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, დავით მესხიშვილი “მედიაცენტრ მთავარში” ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.

მსგავსი თემები