“მცხეთა კომერციულ სტრუქტურას უნდა ემართა” – ნაღმები, რომლებიც 2003 წელს ჩაიდო

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, ორგანიზაცია “მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის” დირექტორი რევაზ მამულაშვილი, ქალაქ მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადებული ნაღმების შედეგს მცხეთელები დღეს იმკიან.  

როგორც რევაზ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, მცხეთის მოსახლეობას ლანდშაფტიზსა და არქეოლოგიური დაცვის ზონაში არსებული მიწები მიყიდეს და მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო მოსახლეობამ, რომ მათ მიერ შესყიდულ მიწებზე მშენებლობის განხორციელების უფლება არ აქვთ.

“ეს პრობლემა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდიდან იღებს სათავეს. ზურაბ ადეიშვილი პირადად აკონტროლებდა მცხეთაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მცხეთის თითოეული სახლის არქიტექტურას. რა თქმა უნდა, მცხეთის რეაბილიტაციისთვის დიდი თანხები იყო საჭირო და როცა ქვეყანაში გასატყავებელი აღარავინ დარჩა, მოსახლეობას ჰექტრობით მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს და ამ თანხით დაიწყეს მცხეთის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსახლეობამ ისეთი მიწები შეიძინა, რომლებიც რეალურად, ლანდშაფტისა და არქეოლოგიური დაცვის ზონებში იყო მოქცეული. არავის მიუცია მაშინ მათთვის გარანტია, რომ ამ მიწებზე მშენებლობის განხორციელებას შეძლებდნენ. კეთილსინდისიერმა მყიდველებმა იყიდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთები და უცებ აღმოჩნდა, რომ აქ მშენებლობის უფლება არ ჰქონდათ. ზუსტად მაშინდელი ჩადებული ნაღმები მოქმედებს დღესაც”, – აცხადებს რევაზ მამულაშვილი.

​მისი თქმით, სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა შპს “გეოგრაფიკი”, რომელიც იმ ამხანაგობის შემადგენლობაშია, რომელმაც მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე უნდა იმუშაოს. 2011-2012 წლებში, ამ ჯგუფის მიერ მომზადებული “მცხეთის ურბანული მენეჯმენტის მრავალპროფილური წინასწარი კვლევა” შეიძინა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა  “ძეგლების მართვის გეგმა”, რომელიც ასევე “გეოგრაფიკმა” მომამზადა.

​რევაზ მამულაშვილის თქმით, ეს ყოველივე მოწმობს იმას, რომ ქალაქ მცხეთის ახალ გენერალურ გეგმაზე ისევ იმ ჯგუფმა უნდა იმუშაოს, რომლებმაც 2015 წელს იუნესკოს მიერ დაწუნებული დოკუმენტი წარმოადგინეს. ამჯერად ამ ჯგუფს ამხანაგობა “აქოლისი” ჰქვია. 

“იგივე სახეების ხელშია მცხეთის გენგეგმის დოკუმენტი, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მოქმედებდნენ და ახლა გადმოინაცვლეს ამ ხელისუფლებაში. ყველაზე დამღუპველი ის არის, რომ “გეოგრაფიკი” გენგეგმის დოკუმენტში რადიკალურ ტერმინებს იყენებს – ექსპროპრიაცია, მიწის ჩამორთმევა და ა.შ. მათი გეგმის თანახმად, უნდა შექმნილიყო დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება, რომელსაც უნდა ემართა ქალაქი მცხეთა, ანუ მცხეთა უნდა ემართა კომერციულ სტრუქტურას. ამ ჯგუფმა შპს “სალი – 2011”-იდან ახლა “აქოლისში” გადმოინაცვლა და უნდა შეიმუშაონ მცხეთის ახალი გენერალური გეგმა”, – განაცხადა რევაზ მამულაშვილმა “მთავარში”. ​

მისი თქმით, მცხეთელების მთავარი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის იერსახე არ დაზიანდეს და მცირე ჯგუფების კერძო ინტერესების გამო, ისტორიული შეცდომა არ იქნას დაშვებული. იმავდროულად არ შეჩერდეს ქალაქის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის განვითარება.

მსგავსი თემები