მცხეთა და გელათი იუნესკომ საფრთხეში მყოფი მსოფლიო ძეგლების სიიდან ამოიღო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, 2018 – 2019 წლებში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები განახორციელა. 

ბორჯომში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა. სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, 2019 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში წარმოადგინა და საკანონმდებლო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, 2018 წელს, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია განხორციელდა. სააგენტო 40 ძეგლის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ესენია: კუმურდო, ვარძია, უფლისციხის ინფრასტრუქტურა, ნიკორწმინდა, გორისციხე, ნიკო დადიანის სასახლე, სვანეთის კოშკები და მაჩუბები, მეტეხის ტაძარი, სენაკის ხორავას სახელობის თეატრი. დასრულების სტადიაშია მუცოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გრძელდება ნოქალაქევის კომპლექსის, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრისა და აწყურის ციხის რეაბილიტაცია.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის დასრულებულია 25 პროექტი. ესტონურმა კომპანიამ ენგურის ტურისტული ცენტრის პროექტი შეიმუშავა. ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები ობიექტების ინვენტარიზაციისა და მათთვის ძეგლის სტატუსის განსაზღვრის თვალსაზრისით. საერთაშორისო მიმართულებით მიღწეულია წარმატებები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კონვენციებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მიმართულებით, ასევე, საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით.

ნიკოლოზ ანთიძემ 2019 წელს დაგეგმილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის, კონსერვაციის, კვლევისა და პროექტირების შესახებაც ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალ შეფასებას აძლევს. მისი თქმით, სააგენტოს ერთ -ერთი უდიდესი მიღწევაა მცხეთისა და გელათის ამოღება იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან. 

“ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი. ბოლო 5 წელია მნიშვნელოვნად იზრდება მუზეუმებსა და მუზეუმ ნაკრძალებში ვიზიტორთა რაოდენობა, რის შედეგადაც 5 -ჯერ გაიზარდა შემოსული ფინანსური რესურსების რაოდენობა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლისა და რესტავრაციის საქმესთან დაკავშირებით 8000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ძალისხმევით, ასევე სამინისტროსა და ფონდ “ქართუს”  ხელშწყობით 122 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

დეპუტატის თქმით, 2019 წელს კომიტეტის მთავარი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის შემუშავება, რომელიც შექმნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებელ რეგულაციებს.

„კულტურის უწყებასთან და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომიტეტი უკვე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, თუ როგორ შეიძლება ეროვნული კატეგორიის ძეგლების ისტორიის ნებსით თუ უნებლიედ დამახინჯებისგან დაცვა. ჩვენ ხშირად გვხვდება პრაქტიკაში, რომ სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებს ახლავთ მათივე ტურისტული სააგენტოს ქოლგის ქვეშ მყოფი გიდები, რომლებიც შესაძლოა, გარკვეულ ისტორიულ ფაქტებს არაზუსტად აწვდიდნენ ტურისტებს. პირველ ეტაპზე, ვიწყებთ საინფორმაციო დაფების განთავსების ვალდებულების შემოღებას საკანონმდებლო დონეზე, სადაც ამა თუ იმ ძეგლის ანოტაცია განთავსდება. ამგვარად ეროვნული კატეგორიის ძეგლები დაცული იქნება მათი ისტორიისა და ისტორიული ცნობების არამართლზომიერი მიწოდებისგან“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის სხდომა ბორჯომში 13 თებერვალს გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. კომიტეტის წევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად 2019 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.

კომიტეტის სხდომა ბორჯომში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი თემები