„მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ“ – დიმიტრი ხუნდაძემ ქალაქის განვითარების ახალი ხედვა წარადგინა

მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი დღეს ისევ განხილვის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ მცხეთაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მორატორიუმის რეჟიმი მაინც მძიმე ტვირთად აწევს ქალაქს და მოსახლეობას. ადგილობრივები განვითარების შესაძლებლობას ითხოვენ, თუმცა, დოკუმენტის არარსებობის გამო, ეს შეუძლებელია.

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მოსახლეობას, ექსპერტებს, ბიზნეს სექტორსა და დაინტერესებულ პირებს მცხეთის განვითარების ახალი ხედვა და სტრატეგიას წარუდგინა. კონფერენცია „მცხეთა, მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვა“ მცხეთაში გაიმართა და მასში მონაწილეობა კომპანია „აქოლისმაც“ მიიღო, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და რომელმაც დოკუმენტზე მუშაობა წლის ბილომდე უნდ დაასრულოს.

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ იმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს ქალაქში არსებობს. მან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას იმ წინადადებებისა და რეკომენდაციების დოკუმენტში ასახვა სთხოვა, რომელიც ექსპერტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არსებობს.

„დიდი ხანია, ვსაუბრობთ, თუმცა, კონკრეტული დოკუმენტი არ დევს. არ შეიძლება ამდენი ხანი მორატორიუმის რეჟიმში ვაცხოვროთ ქალაქი და გავაჩეროთ. იუნესკოსთან შევჯერდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, უნდა გვქონდეს სტრატეგია და გენერალური გეგმა. სწრაფად უნდა დავდოთ დოკუმენტი და შევამსუბუქოთ მორატორიუმი. არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ისტორიული შეცდომა იქნება. არ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება, წარსულს ვცეთ პატივი, თუმცა, უცილებლად უნდა შევქმნათ მომავალი“ – აღნიშნა დეპუტატმა და კონკრეტულ ხედვაზე ისაუბრა.

დიმიტრი ხუნდაძემ ტურისტული მარშრუტების განშლაზეც ისაუბრა და კონკრეტული ლოკაციებიც წარმოადგინა. კერძოდ, დეპუტატის შეფასებით, მცხეთაში 4 ძირითადი ტურისტული მიმართულების განვითარების შესაძლებლობა არსებობს:

1. სამხრეთის – ფარნავაზის მოედანი-ბაგინეთი-კარსანი;

2. ჩრდილოეთის მიმართულება – ბებრისციხე-თეატრონი-წიწამური;

3. აღმოსავლეთის მიმართულება – პილიგრიმთა გზა: სვეტიცხოველი-სანათლავი – მცხეთის ჯვარი;

4. დასავლეთის მიმართულება – კოდმანი – შიო-მღვიმე.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მცხეთის განვითარების ახალი ხედვის გათვალისწინების შემთხვევაში, შემდეგ სურათს მივიღებთ: „თავიდან იქნება აცილებული ,,ტურისტული გადახურება“; ვიზიტორთათვის გაიშლება სანახაობრივი არეალი; გაიზრდება ინტერესი და ვიზიტორთა შემოდინება; გაიზრდება ვიზიტორთა ადგილზე გაჩერების ხანგრძლივობა; შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები; გაიზრდება ფინანსური რესურსების მოზიდვის მექანიზმები; მოსახლეობას პრაქტიკულად ყველა უბანში მიეცემა ბიზნესის კეთების საშუალება (სარგებელი გადანაწილდება თანაბრად); მნიშვნელოვნად გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა არსებულ მორატორიუმთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და საჭირო აქტივობებიც დაასახელა:

• პროცესში უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა;

• ექსპერტებთან ერთად თემატურად უნდა მოხდეს სხვადასხვა პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირება და კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღება (პირველ რიგში მიწათსარგებლობის თემა- სეგმენტაცია);

• ტურისტული მარშრუტების განშლის გეგმა უნდა ფიგურირებდეს გენ-გეგმის კონცეპტუალურ ნაწილში და სამოქმედო გეგმებში;

• აქტიურად უნდა წარიმართოს განაშენიანების რეგულირების გეგმების ფორმირება, რათა დროულად მოხდეს მორატორიუმის დაძლევა;

• თითოეული შეთანხმებული ეტაპი უნდა გადაიგზავნოს იუნესკოში და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეფასებისათვის, რათა მოხდეს წარმოდგენილ ვადებში დოკუმენტის კანონმდებლობის შესაბამისად განხილვა-დამტკიცება.

და ბოლოს, როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ქალაქი ისე უნდა განვითარდეს, რომ ისტორიული შეცდომა არ დავუშვათ: „დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა, არ დავუშვათ ისტორიული შეცდომა; არ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება; სწორედ დავგეგმოთ მცხეთის მომავალი; დრო დასაკარგი აღარ გვაქვს; სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები“ – აღნიშნა დეპუტატმა.






მსგავსი თემები