“მცირე უხერხულობაც კი არ გაქვთ, ისე აგრძელებთ ამ ნარატივს” – თალაკვაძე ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე სამადაშვილს და გიორგი კანდელაკი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა და ეს განცხადება დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა.

„საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა – ეს განცხადება დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა გააკეთა. განსაკუთრებით მინდა მივაპყრო ჩვენი კოლეგების – ქალბატონი სამადაშვილისა და ბატონი კანდელაკის ყურადღება ამ განცხადებაზე. ერთი იმიტომ, რომ, ჩაატარა ბრიფინგი და მედიას აჩვენა არარსებული დოკუმენტი ელჩების სახელით ისე, რომ მცირე უხერხულობაც კი არ უგრძვნია, დღეს კი ისევ ამ ნარატივს აგრძელებს. რეალურად, თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე, რომელიც არ გამოქვეყნებულა და ისაუბრეთ იმაზე, რაც ელჩებს რეალურად არ გაუკეთებიათ განცხადების სახით,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ამასთან, მისი თქმით, გიორგი კანდელაკს, რომელიც ბევრ არარსებულ საკითხს ეხმაურება ხოლმე, არ შეუფასებია სააკაშვილის განცხადება, სადაც ის დასავლეთს რუსეთს ადარებს და რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში ადანაშაულებს. 

„გიორგი კანდელაკს, მაშინ, როდესაც ბევრ არარსებულ საკითხს ეხმაურება  და ევროპას ატყობინებს ხოლმე, ერთი კომენტარი და შეფასებაც კი არ გაუკეთებია ბატონი სააკაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა დასავლეთი რუსეთს შეადარა და ამ რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში დაადანაშაულა,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები