მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის სექტემბერში გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება

“მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის სექტემბერში გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ეს მექანიზმი რუსული ავიასანქციების შედეგად დაზარალებულ ტურისტულ სექტორს დაეხმარება.

რაც შეეხება ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, საუბარია მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებაზე, ტურისტული სექტორისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამუშავებაზე, ასევე მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაზე.

„გვაქვს მიმდინარე კონტრაქტი „სიენენთან“, „ბლუმბერგთან“, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“, სადაც ხდება საქართველოს, როგორც უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაცია. ასევე დავაკორექტირეთ მარკეტინგის გეგმა და დამატებითი ზომები, კონკრეტული კამპანია დავგეგმეთ ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, საუდის არაბეთში. ეს ის ქვეყნებია, სადაც სწრაფად შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“,  აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები