მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერით ჰაერის დაბინძურებაზე რეგულაციები გამკაცრდება

თბილისში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით რეგულაციები გამკაცრდება. ცვლილებები მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და საშენი მასალების ტრანსპორტირებას შეეხება. დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენება სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას გულისხმობს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,  თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი და კომპლექსური პრობლემა ჰაერის მტვრით დაბინძურებაა, რასაც მასშტაბური მიდგომები სჭირდება. ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მწვანე სივრცეების შექმნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, სერიოზული პრობლემაა მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი.

“ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები, არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე. გრუნტის და მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი პრობლემაა. შესაბამისად, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები აუცილებლად უნდა გავამკაცროთ, რომელიც კონკრეტულად მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას გულისხმობს”, – აცხადებს კახა კალაძე.

მისი თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ქვის დამუშავება ღია მეთოდით მიმდინარეობს და მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელია. არის შემთხვევები, როდესაც დიდი ავტომობილები საშენი მასალით, ღიად და დამცავი ბადეების გარეშე გადაადგილდებიან, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ქალაქს ამტვერიანებს და ამას ბავშვები სუნთქავენ.

მსგავსი თემები