“მუყაოს ქალაქის” 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

ქვეყნის ზღვისპირა ქალაქ ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი ოჯახები, ზემო აჭარის ეკომიგრანტები ცხოვრობენ და უკიდურესად მძიმე, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში უწევთ ყოფნა.

“აჭარის მთავრობასთან ერთად, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 1700-ზე მეტი ოჯახისთვის აშენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი. მნიშვნელოვანია, რომ მათ იმავე ტერიტორიაზე ექნებათ საკუთარი ბინები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აღსანიშნავია რომ “მუყაოს ქალაქი”, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ყოფილ 53-ე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს. 19 ჰექტარზე 800-ზე მეტი მუყაოსა და სახელდახელოდ ფიცრებისგან შეკოწიწებული ქოხი დგას, რომლებსაც წვიმისგან ცელოფნის პარკები იცავს.

​როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი უმრავლესობა ეკომიგრანტია, ზოგი აფხაზეთიდან დევნილი, ზოგიც  მოძალადე ოჯახის წევრებს გამოქცეული. ქოხებს შორის, ნაგავსაყრელია და ანტისანიტარია  იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. წყალი რეზინის მილებით აქვთ შეყვანილი, ისიც  გრაფიკით.   

მსგავსი თემები