მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს ქალი მძღოლები მოემსახურებიან

მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის პოზიციაზე ექვსი ქალი დასაქმდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ექვსივე ქალი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გადამზადების შესაბამისი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, დამატებით, ექვსი ქალი დასაქმდა. მათ დანარჩენი ქალი მძღოლების მსგავსად, გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს, რომელსაც „სატრანსპორტო კომპანიისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ვახორციელებთ,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, გადამზადების პროგრამა დღეისთვის, 21 ქალს აქვს გავლილი. მათ D კატეგორიის მართვის მოწმობაც აიღეს. ქალი მძღოლები დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს იმ ახალი მუნიციპალური ავტობუსებით მოემსახურებიან, რომლებიც თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის სასწავლო კურსის განხორციელება გასული წლიდან დაიწყო. სწავლება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

სასწავლო კურსი 25-მა ქალმა გაიარა, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, D კატეგორიის მართვის მოწმობა აეღოთ. კურსი და მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება პროექტის მიერ ანაზღაურდა.

მსგავსი თემები