ქაოსური განაშენიანების გამო თბილისში, საშიში რაიონები გაჩნდა – არქიტექტორი

არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი აცხადებს, რომ ქაოსური განაშენიანების გამო, თბილისში განსაკუთრებით საშიში რაიონები გაჩნდა. დაიკარგა ვაკის რაიონის ელფერი და ის ყველაზე ცუდ საცხოვრებელ რაიონად იქცა. განადგურების პირასაა საბურთალო, სადაც მრავალსართულიანი ცათამბჯენების მიჯრით დადგმა, არანაირ წესებს აღარ ექვემდებარება.

როგორც თამაზ დოგრაშვილი აცხადებს, თბილისში მიმდინარე მშენებლობების ფონზე, ყველაზე იმედისმომცემი იყო დიდი დიღომი, თუმცა “ფულის კეთების ვნება იქაც მიწვდა”.

მისივე თქმით, რაც დრო გადის შეცდომები თავის შედეგს თესავს და ფატალური შედეგები მომრავლდა. ანალოგიური პროცესები მიდის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში დარღვეულია შენობებს შორის დაშორებები, ხოლო ქუთაისში, ეს პროცესი ახალი დაწყებულია.

“წლები მივუძღვენი პროექტირებასა და მშენებლობას. გული მტკივა, რა გამართული სისტემა გვქონდა და როგორ ქაოსში აღმოვჩნდით. “ხრუშჩოვკები”, ალმაცერად რომ ვუყურებთ, საცხოვრებლად დღეს გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე თანამედროვე, ქაოსური კვარტლები.  ძალიან არ მინდა, თანამედროვე არქიტექტორებმა პროფესიონალიზმში ბრძოლა წავაგოთ ძველებთან. ჯერჯერობით წაგებული გვაქვს”, – ამბობს თამაზ დოგრაშვილი.

არქიტექტორი მიჯრით მიდგმულ კორპუსებზეც საუბრობს, რაც მისივე თქმით, თბილისის კიდევ ერთ თავსატეხად იქცა. ძველი ნორმატივის თანახმად, მაღალსართულიან სახლებს შორის დისტანცია მათი სიმაღლის შესაბამისი უნდა იყოს, თუმცა დღეს მსგავსი სტანდარტები სრულად უგულვებელყოფილია.

“საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაშია, სახლის დანგრევის დროს, მან მეორე შენობა არ უნდა დააზარალოს. ან ვერტიკალურად უნდა ჩაიქცეს, ან ჰორიზონტალურად ნგრევის შემთხვევაში ისეთ მანძილზე უნდა იყოს აგებული, რომ ჰქონდეს თავისი ნანგრევის ატანის პირობა”, – აცხადებს არქიტექტორი.

მისივე თქმით, ძველი თაობის არქიტექტორები შენობის პროექტის შედგენისას მიწისძვრის მაქსიმალურ ბალიანობას ითვალისწინებდნენ და თეორიულად მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს უშვებდნენ. ასეთ დროს მუშაობა უადვილდებათ სამაშველო ექსპედიციებს, მაგრამ როცა 2 შენობის ნაშთი ერთმანეთში აირევა, იქ გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნება.

არქიტექტორები ხშირად საყვედურობენ საქართველოს ხელისუფლებას არქიტექტურის სამინისტროს გაუქმებას. მათი შეფასებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ამ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. იმ დროს, როდესაც სამშენებლო ბიზნესის ბუმია ქვეყანაში, არ არსებობს შესაბამისი უწყება.

“ფულის კეთების სურვილის გამო მსოფლიოში ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი განწირულია. თბილისის გადარჩენა აღარ ვიცი, რა გზებით უნდა მოხერხდეს. პროფესიონალი საზოგადოება გარიყულია. არჩევენ უნებისყოფო ხალხს, რომლებიც დიდი ხელფასის გამო ნებისმიერ პროექტზე მოაწერენ ხელს. არქიტექტურული საზოგადოება გვერდზეა გაწეული. ვწერთ საპროექტო და კრიტიკულ წერილებს, მაგრამ უშედეგოდ. არ გვაქვს კონცენტრირებული ცენტრი, სამინისტრო”, – აცხადებენ ძველი თაობის არქიტექტორები.

შორენა პაპაშვილი

 

მსგავსი თემები