მსოფლიო ჩემპიონები ძიუდოს ფედერაციის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მის გაუქმებას ითხოვენ

ქართველი ძიუდოისტები, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ყოფილი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის ამ თანამდებობაზე დაბრუნებას.

​მათი ინფორმაციით, არჩევნები მოულოდნელად დაინიშნა,  წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან თავად ქევხიშვილი და მასთან დაახლოებული პირი გიორგი ათაბეგაშვილი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. დანარჩენმა სამმა მოულოდნელად მოხსნეს თავიანთი კანდიდატურა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტსმენებმა დღეს განაცხადეს, ისინი უკმაყოფილონი არიან ქევხიშვილი გუნდის მუშაობით, მიაღწიეს პრეზიდენტის თანამდებობიდან მის წასვლას, მაგრამ ზუსტად იგივე გუნდი განაგრძობს ფედერაციაში მუშაობას.

“აღმასკომი, რომელიც პირადად მისი დანიშნულია, მან გაზარდა დელეგატები. მის მიერ შექმნილი კლუბები მონაწილეობენ, რომელიც ქევხიშვილის მიერ ფინანსდება, რამდენიმე წევრი პირდაპირ ხელფასს იღებდა და ეს ქევხიშვილმაც აღიარა. ამ აღმასკომმა კიდევ ბევრი შეცდომა დაუშვა, ამ არეულობის შემდეგ დანიშნა მთავარი მწვრთნელი ტოტიკაშვილი, რომელიც გუნდს არ უნახავს თვეების განმავლობაში. ძიუდოს აკადემიაში განვაგრძობთ ვარჯიშს და ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც ჩვენს გვერდით არის გიორგი ბაინდურაშვილი. არიან მწვრთნელები, რომლებიც გვეხმარებიან, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ ენთუზიაზმზე. აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებს მიზანმიმართულად არ მივიჩნევთ და მოვითხოვთ ის გადაიდოს და არ ჩატარდეს”, – აცხადებენ სპორტსმენები.

​მათი თქმით, ეს არ იქნება სამართლიანი და ნეიტრალური არჩევნები.

​აღსანიშნავია, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს იმართება. წინასწარი ინფორმაციით, დავით ქევხიშვილმა კანდიდატურა მოხსნა.

მსგავსი თემები