მოქალაქეებს უკანონოდ დარიცხული თანხები ჩამოეჭრათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, პირველ კვარტალში მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, 278 050 ლარი შეადგინა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სემეკ-ში განუმარტეს, საუბარია მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებთან დაკავშირებულ დავებზე. მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვეად ცნობის თაობაზე.

მათივე ინფორმაციით, იანვარში, თებერვალსა და მარტში სემეკმა 24 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგით გათვალისწინებული 783 საკითხი განიხილა.

“იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელი ხაზის ნომერზე 16 216, ისე სემეკის Facebook გვერდზეც”, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი თემები