„მოქალაქეები დააპროვოცირეს და ყველა გაიქცა, გაქრნენ“ – გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,  22:00 საათის შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არცერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ ყოფილა, მათ მოქალაქეები მიატოვეს და გაიქცნენ.

„აღშფოთება გამოიწვია  იმან, რომ პოლიტიკოსები, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდეგ მოედნიდან გაქრნენ. პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ. არც ერთი მათგანი 22:00 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. ყველა გაიქცა იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები თავიანთი პროვოკაციების შემდეგ ერთმანეთს. ძალიან მძიმე დღე იყო. მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული“  – აღნიშნული განცხადება შს მინისტრ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე შეფასებით, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმების შედეგად არიან დაშავებულებიც. მინისტრის პოზიციით, ეს იყო შტურმი.

„ძალადობამ საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციასა და პარლამენტის შენობაზე მასში შეღწევის მიზნით. სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები