მოტოციკლეტი „ჯიპს“ შეეჯახა, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

მართალია, შსს მოპედებისა თუ მოტოციკლეტების მფლობელებისთვის რეგულაციებზე მუშაობს, თუმცა, სანამ ინიციატივა კანონმდებლობაში აისახება, მოუწესრიგებელ სისტემას არაერთი ადმიანი ემსხვერპლა.

ერთ-ერთი შემთხვევა გუშინ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გლოვოს“ მოპედი და მოტოცილკეტი არანორმალური სისწრაფით მოძრაობდნენ, რა დროსაც, “ჯიპის“ მარკის ავტომანქანასთან შეჯახება მოხდა. ორივე მძღოლი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ის, რომ „გლოვოს“ მოპედების  მძღოლები როგორც სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ასევე მგზავრებისთვის სახიფათოა და ხშირად ქმნიან ავარიულ სიტუაციას, ამაზე „მედიაცენტრი მთავარი“ არაერთხელ წერდა. ათეულობით შემთხვევა არსებობს, როცა მოპედების გაუფრთხილებლობით, დაუდევრობით თუ უკონტროლობით სხვა ადამიანები დაზარალდნენ.

საკანონმდებლო ინიციატივით კი, მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს სპეციალური რეგისტრაციის გავლა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ქალაქში ვერ იმოძრავებენ.    

კანონპროექტის მიხედვით,  მოპედებსა და კვადროციკლებს მექა​ნიკური სატრანსპორტო საშუალებების კატეგორია მიენიჭება და საგზაო მოძრაობის წესებს ისევე დაექვემდებარებიან, როგორც სხვა დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები. მათ მფლობელებს რეგისტრაციის გავლა და სპეციალური, AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2 წლის განმავლობაში,  მოპედით 220-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია 3 ადამიანი.

მსგავსი თემები