მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებს 10 მლნ ევრო უნდა გადაუხადოს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთს ე.წ დეპორტირებულების საქმეზე დავა მოუგო. 2006 წელს, რუსეთიდან საქართველოში მასობრივად დეპორტირებული 4634 დაზარალებული მოქალაქისთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო, რუსეთს, 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.  

როგორც თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რუსეთისთვის ეს უპრეცედენტო მარცხია.

“თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, რამდენიმე საერთაშორისო დავას, რუსეთი არცერთ სახელმწიფო დავაზე აქამდე არ დამარცხებულა. ამ საქმეზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ 2012 წლის ოქტომბრიდან და ცრუ გახლავთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დავა მანამდე იყო მოგებული,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

თეა წულუკიანის თქმით, წინა ხელისუფლებამ ე.წ დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 4634 მოქალაქის სახელით წარდგენილ დავას, მხოლოდ 118 პირის სია დაურთო, რამაც გაართულა სასამართლოში საქმის მოგება.

“სტრასბურგის სასამართლომ, უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში უსაყვედურა იუსტიციის სამინისტროს და დაგვევალა, რომ 118 პირიანი სია შეგვევსო, თუ კი ვიყავით მართლები, რომ ჩვენი დაზარალებულების რიცხვი იყო 4634. მომხდარიდან 10 წლის თავზე, პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ ამ სიის შედგენა, რაც არის სირცხვილი,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტი მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები