მოსახლეობის 52% საქართველოში სასამართლოს ენდობა

საქართველოს სასამართლო რეფორმებზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა  „IPSOS France“-მ, „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.

კვლევის შედეგებით, საქართველოში მოსახლეობის 51% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც  52%-ია;

სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და ის 55%-ს შეადგენს;

„პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. ადვოკატთა 57%-ის აზრით,  სასამართლო პროცესის ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა ხუთი წლის წინანდელ სასამართლო განხილვებთან შედარებით (პროკურორთა 74%), საქმეების ელექტრონულად განაწილება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება პოზიტიურად შეფასდა გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ,“ – აღნიშნულია კვლევაში.

როგორც ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტები ასკვნიან, რესპონდენტთა 51% საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს;

მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სანდო;

მოსახლეობის აზრით, სამი მთავარი ფაქტორი − თუ როგორია საქართველოში სასამართლო, არის შემდეგი: ნელი (67%); ძვირი რიგითი მოქალაქეებისთვის (სასამართლო და ადვოკატის ხარჯები 66%) და საკმარისად მკაცრი დამნაშავეთა მიმართ (57%);

დებულებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სამართლიანი, ეთანხმება 55%;

რესპონდენტთა 41% თვლის, რომ საქართველოს სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა;

რესპონდენტთა თითქმის იდენტური რაოდენობა როგორც ეთანხმება (42%), ისე არ ეთანხმება (45%) დებულებას, რომ საქართველოში მოსამართლეები თანმიმდევრულნი არიან ერთგვაროვან დანაშაულთა ჩამდენი პირებისათვის სასჯელის შეფარდებისას;

რესპონდენტთა 56% აცხადებს, რომ საქართველოში მოსამართლეები სასჯელის შეფარდებისას მათზე უფრო მკაცრები არიან;

როგორც კვლევაში წერია, სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, მოსახლეობის 46%-ის აზრით, დახვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა; ხოლო 39%-ის აზრით, საგრძნობლად შეამცირა კორუფცია სასამართლო სისტემაში;

რესპონდენტთა ერთი მესამედი (35%) თვლის, რომ სასამართლოებში დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა მიღება და მხარდაჭერა არის საკმარისად ორიენტირებული დაზარალებულზე;

რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (ჯამში 85%) აცხადებს, რომ შებინდების შემდეგ ქუჩაში მარტო გასვლისას უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

მსგავსი თემები