“მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზეც იმსჯელეს.

მისი თქმით, უზენაესის მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი დეპუტატების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. მამუკა მდინარაძე წინასწარ არ ასახელებს იმ კანდიდატების ვინაობას, ვისაც კანონმდებლები მხარს არ დაუჭერენ.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად, ან უარვყოფთ მხარდაჭერას და ეს იქნება თითოეული პარლამენტარის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. დღეს გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამაზე დეპუტატების მსჯელობიდან წამოსული საერთო ანალიზი ნათლად მოწმობს, მაგრამ რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს კენჭისყრის წინ არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ. უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც ინდივიდუალურად მიიღებენ დეპუტატები გადაწყვეტილებას, სადაც, ჩემი აზრით, გათვალისწინებული იქნება ის მსჯელობა, რომელიც უმრავლესობის ფორმატში დღეს გაიმართა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე, ასევე ვერ ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ არ დაუჭერენ დეპუტატები კონკრეტულად რამდენიმე კანდიდატს მხარს.

„მე გამიჭირდება კონკრეტული კომპონენტის გამოყოფა იმ მიზეზებიდან, რომელიც დასახელდა, მათ შორის იყო გარკვეულ კითხვებზე პასუხები, რაც მიიღო კომიტეტმა და ამის გარდა, იყო უამრავი სხვა მიზეზი, რაზეც ზოგადად ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული დეტალი არის მნიშვნელოვანი და არ მინდა რომელიმე დეტალი ამოვარჩიო და ამაზე გაკეთდეს აქცენტი.

ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შევარჩიოთ მინიმუმ ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ უზენაესი სასამართლო არ გაჩერდეს. მოგეხსენებათ 6000-ზე მეტი საქმეა დღეს უზენაეს სასამართლოში და სჭირდება კოლეგიები სამივე პალატაში, რომ გააგრძელოს გამართული მუშაობა. რამდენიმე თვეში აღმოჩნდება, რომ უზენაეს სასმართლოში არის მხოლოდ ოთხი მოსამართლე და აქედან გამომდინარე, უნდა შევარჩიოთ ოპტიმალური რაოდენობა და უნდა ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეები შევარჩიოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები