მოპედებსა და კვადროციკლებზე იგივე რეგულაციები გავრცელდება, როგორც სხვა ტრანსპორტზე

მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს სპეციალური რეგისტრაციის გავლა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ქალაქში ვერ იმოძრავებენ.    

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც მალე კანონის სახეს მიიღებს, მოპედებსა და კვადროციკლებს მექა​ნიკური სატრანსპორტო საშუალებების კატეგორია მიენიჭება და საგზაო მოძრაობის წესებს ისევე დაექვემდებარებიან, როგორც სხვა დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები. მათ მფლობელებს რეგისტრაციის გავლა და სპეციალური, AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ,  მოპედებისა და მსუბუქ კვადროციკლებზე იგივე რეგულაციები გავრცელდება, რაც სხვა დანარჩენ ტრანსპორტზე.

„2 წლის განმავლობაში,  მოპედით 220-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია 3 ადამიანი. ვიდეოკამერები ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებას ვერ აღიქვავს, ისინი ხშირად არღვევენ საგზაო უსაფრთხოების წესებს და ხშირია საავარიო სიტუაციებიც.

მათი მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა და რეგისტრაციის შემდეგ ეს პრობლემები აღმოიფხვრება”, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

მსგავსი თემები