„მოთხოვნები დაიკმაყოფილონ და ძიუდოსგან თავი შორს დაიჭირონ“ – შოთა ხაბარელი 

ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული არავინაა, დამარცხებული კი ძიუდოა.

მისივე თქმით, სპორტსმენებს ნორმალური მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამისთვის კი საჭიროა ვინც პროცესებში ნებით თუ უნებლიეთ იყო ჩართული, მათი პროცესებისგან დისტანცირება და გამიჯვნა. “დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები და ცოტა შორს დაიჭირონ თავი”, – განაცხადა ხაბარელმა დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებდა.,

„ამ საკითხზე ადრე ძალიან ბევრი ვისაუბრე. დაპირისპირება 1 თვე გაგრძელდა და გუნდში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო. როგორც ერთი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ძიუდოს ფედერაციაში არჩევნები უფრო უკეთესად შეიძლებოდა წარმართულიყო. გამოსავალი ერთია ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ რა პროცესები ვითარდებოდა ამ პერიოდში, ვინ იყო მხარე, თუ ერთი ადამიანიც კი მოიაზრება მხარედ, ამ პერიოდისთვის ყველა უნდა იყოს დისტანცირებული ფედერაციისგან. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი ფედერაციის მუშაობაში არ უნდა ჩაერიონ. დანარჩენი კი ძიუდოს ფედერაციის გადასაწყვეტია“, – აღნიშნა დეპუტატმა „მთავარში“.

რაც შეეხება პროცესის მონაწილე მხარეებს, ხაბარელის შეფასებით, მხარეები გამოკვეთილია და ყველამ კარგად ისიც, ვინ ვინ არის.

„ადამიანები, რომლებიც მაშინ მიმდინარე პროცესებთან იყვნენ დაკავშირებულები და ეს მხარეები გამოკვეთილები არიან, მათი დისტანცირება უნდა მოხდეს. ისე არ უნდა იყოს, რომ ერთი მხარე გამარჯვებული დარჩეს და მეორე დამარცხებული. ამ საქმეში გამარჯვებული არავინაა. მხოლოდ დამარცხებულია ძიუდო. ეს პროცესი რომ არ გაგრძელდეს, ბიჭებს ნორმალური მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამისთვის კი საჭიროა ვინც პროცესებში ნებით თუ უნებლიეთ იყო ჩართული, მათი პროცესებისგან დისტანცირება და გამიჯვნა. დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები და ცოტა შორს დაიჭირონ თავი. თუ ვინ იყო მხარეები – ფედერაცია, აღმასკომი თუ სხვა ჩინოვნიკები, ეს თავად საზოგადოებამ განსაჯოს. მე მთელი ჩემი ცხოვრება ძიუდოს ვემსახურებოდი და დღესაც ამ სამსახურში ვარ. აქედან გამომდინარე ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას. თუ ერთი ადამიანიც დარჩება ამ პროცესებში, საკითხი მოუწესრიგებელი იქნება“, – აღნიშნა ხაბარელმა „მთავარში“.

რაც შეეხება ძიუდოისტების განცხადებას, რომ ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, რომელიც მათთვის მიუღებელია, შენობაში არ შეუშვებენ, დეპუტატმა განაცხადა, რომ მათ უკვე შეხვდა და ესაუბრა.

“მათი აღელვება იყო ერთი თვის უკან, დღეს კი გვაქვს ის რეალობა, რომ ცვლილებები არ მომხდარა. ალბათ, ეს ჩემი ბოლო კომენტარი იქნება ამ თემაზე. ფედერაციაში ყოფნა თვითმიზანი არ უნდა იყოს. სპორტში მიუღებელია პოლიტიკური ჩარევა”, – აცხადებს შოთა ხაბარელი.

 

მსგავსი თემები