“მოვითხოვთ პროკურატურამ ირაკლი კორძაია მოწმის სტატუსით გამოკითხოს” – უფლებადამცველები 

​ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, ყოფილ სასჯელაღსრულების პრესსამსახურის უფროსს ირაკლი კორძაიას უფლებებს იცავს და აცხადებს, რომ ირაკლი კორძაიას მიმართ, პროკურატურის მხრიდან მუქარა ხორციელდება, კერძოდ, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილისგან.

როგორც ალეკო ცქიტიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მთავარი უთანხმოება, რისთვისაც ირაკლი კორძაიამ დატოვა სამსახური არის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანა.

„როგორც ირაკლი კორძაია ჩვენთან აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი უთანხმოება ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანას უკავშირდება. ამის გამო მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. ამიტომ იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო. ის ამჟამად იმყოფება ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ჩვენ მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ შეესწავლა კიდევ ერთი მოწმის ირაკლი კორძაიას ჩვენება, ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით. გამოეკითხათ ის და ჩაეტარებინათ გამოძიება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ირაკლი კორძაია დროულად გამოეკითხათ, მთავარი პროკურატურიდან ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, კერძოდ გიორგი გაბიტაშვილის მუქარის შემცველი ზარი განხორციელდა ირაკლი კორძაიას მეგობარ გიორგი ალიბეგაშვილთან. გიორგი გაბიტაშვილმა მოითხოვა, რომ ირაკლი კორძაიას შეეწყვიტა ამ თემაზე საუბარი და რომ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი,“- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

​ირაკლი კორძაიას ადვოკატი ეკა კობესაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კორძაიას უთვალთვალებენ და მას საფრთხე ემუქრება, ამიტომ მათი მთავარი მოთხოვნაა სახელმწიფომ შეწყვიტოს მუქარა და მაქსიმალურად დაიცვან მისი უსაფრთხოება.

„მოვითხოვთ პროკურატურაში გამოიკითხონ მოწმეები და გამოძიება ობიექტურად დასრულდეს. გამოძიებულ უნდა იყოს ყველა ის ფაქტი, რის შესახებაც ირაკლი კორძაია საუბრობს, მაგრამ გამოძიების სანაცვლოდ ვიღებთ მუქარასა. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა სახელმწიფომ შეწყვიტოს მუქარა ირაკლი კორძაიას მიმართ და დაიწყოს გამოძიება ამ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარზე, მუქარის შემცველ ნებისმიერ ქმედებაზე და მაქსიმალურად იყოს ირაკლი კორძაიას უსაფრთხოება დაცული,“- აცხადებს ეკა კობესაშვილი.

მსგავსი თემები