მიჯრით მიდგმული კორპუსები, უპირველესად მოსახლეობას უქმნის საფრთხეს – არქიტექტორი

არქიტექტორი მერაბ გუჯაბიძე, თბილისში მიმდინარე ქაოსურ მშენებლობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სიმჭიდროვის შემცირების გამო უგულვებელყოფილია სამშენებლო ნორმები და სტანდარტები, რაც უპირველესად საფრთხეს ქალაქის მოსახლეობას უქმნის.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მერაბ გუჯაბიძემ განუცხადა, ძველი სამშენებლო ნორმები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში იმის გამო იწუნებენ, რომ საბჭოთა სისტემის მოგონილი ჰგონიათ, გაცილებით კვალიფიციური და ადამიანური იყო. 

მისივე თქმით, ძველი სტანდარტების თანახმად, ქალაქში მშენებლობებისას მკაცრად უნდა ყოფილიყო დაცული სიმჭიდროვე, კერძოდ, ფეხით რამდენი წუთის სავალზე უნდა ყოფილიყო ბაგა-ბაღი, სკოლა, პოლიკლინიკა, და სხვა. რამდენი მოსახლე გაჩნდებოდა ახალ დასახლებაში, რამდენი ავტომობილი ეყოლებოდათ და ქუჩების ქსელი იყო ამაზე გათვლილი თუ არა.  

“​თანამედროვე სამშენებლო კომპანიები არ ფიქრობენ, რომ სახლს განიავება სჭირდება. სიმჭიდროვე მარტო ის კი არ არის, რომ ბევრი კვადრატული ააშენო და გაყიდო. ძველი სამშენებლო ნორმები, რომელიც რატომღაც რუსეთს დააბრალეს, სინამდვილეში გერმანული ნორმები იყო, რომლებიც გაცილებით კვალიფიციური და ადამიანურია. გარდა იმისა, რომ ამან მოგვიტანა ადამიანური ტრაგედიები, ხდება ქვის ჯუნგლების დაკანონება. ეს ხომ დარჩება და დარჩება. რა ეშველება თბილისს, არაფერი”, – აცხადებს არქიტექტორი.

რაც შეეხება გათბობის ინდივიდუალურ სისტემებს, მერაბ გუჯაბიძე მიესალმება თბილისი მერის, კახა კალაძის იდეას, ახალ შენობებში გათვალისწინებული იყოს გათბობის ცენტრალური სისტემა, ან გამათბობელის მილები ისე განთავსდეს შენობის ფასადზე, რომ სახლი ჯავშნოსან ხომალდს არ დაემსგავსოს.   

მისივე თქმით, გარეთ გამოსული მილებიც, შესაძლებელია ისე იყოს დამალული, რომ შენობის ფასადზე არ ჩანდეს, ​მაგრამ იმავე დროს ნამწვის გაწოვა და ჰაერის მიღებაც ხდებოდეს.

“ეს უკვე არქიტექტურული ოსტატობაა, რომ შენობას, ჯავშნოსანი ხომალდის ზარბაზნებგამოყოფილის იერს არ აძლევდეს. ძველად შენობებში ცენტრალიზებული გათბობის სისტემები არსებობდა. ასეთი ნაღმები არ იყო. თუმცა, მეორე მხრივ საინტერესოა კომპანიები რა ფასს დაადებენ და მოსახლეობის რა ნაწილი შეძლებს საფასურის გადახდას. ადვილი შესაძლებელია გათბობის ცენტრალური სისტემის დამონტაჟება უფრო ნაკლებ ხარჯიანი იყოს. ამას დათვლა უნდა. კაპიტალიზმს აქვს ცუდი თვისება, ბევრი ადამიანი ვერ წვდება ცხოვრებისეულ სიკეთეებს, ხოლო ერთეულებისთვის ბევრი რამ არის ხელმისაწვდომი”, – განუცხადა “მთავარს” მერაბ გუჯაბიძემ.   

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები