„მის პროფესიონალიზმს ბევრჯერ გადაურჩენია ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და უცხოელიც“ – დიმიტრი ხუნდაძე გატაცებულ ექიმზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ე.წ. საზღვართან დაკავებული ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

„ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლებაზე უამრავი პაციენტის ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ექიმები არც ეთნიკური, არც რელიგიური და არც პოლიტიკური ნიშნით არ გამოარჩევენ პაციენტებს.
პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება, რომელიც ოკუპანტებმა “საოკუპაციო ზოლთან” სიახლოვეს შეიპყრეს, ყოველგვარ, დაწერილ თუ დაუწერელ წესებს სცილდება. მის პროფესიონალიზმს ბევრჯერ გადაურჩენია ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და უცხოელიც. ურთიერთობების აღსადგენად ყველაზე კარგი საშუალება ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მოვუწოდებ ყველა კეთილგონიერ ადამიანს, მიუხედავად საზღვრებისა თუ “საოკუპაციო ზოლებისა”, გაათავისუფლეთ გამოცდილი ექიმი და ღირსეული კაცი, მის თავისუფლებაზე ბევრი პაციენტის ჯანმრთელობაა დამოკიდებული“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.  

მსგავსი თემები