“მინდა ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, ქუჩაში დადის” – სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები, – ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ინაუგურაციის შემდეგ შევა თუ არა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში.

​როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა.

„ჩემი ოჯახი, წინაპრები ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები. თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რაღაცებს მაგონებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლე თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარეობს. მინდა, ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, დადის ქუჩაში და არ არის ჩამოშორებული მოქალაქეებისგან, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

„შეგრძნება იყო ფანტასტიკური, როცა დილიდან პატრიარქთან ვიყავი, ჯერ ერთი, მან პირველმა მომილოცა და შემდეგ ვიყავი შეხვედრაზე. ამავე დროს, იყო ჩვეულებრივი დღე და მინდა, გაგრძელდეს ასე, ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, რომელიც დადის ქუჩაში და, რომელიც არ არის მოქალაქეებისგან ჩამოშორებული. ვნახოთ, რამდენად გამომივა. ახლა მაქვს ძალიან დიდი გეგმები. უცხოურ პრესასთან მაქვს პირდაპირ ჩართვები და ალბათ, დღევანდელი დღე ეს იქნება. საჭიროა, რომ დღეს მათ დავუთმო დრო, რადგან ამ დღეებში გადის ინფორმაციები ჩვენი არჩევნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის რანგში თავის პირველ ვიზიტით ევროპის რამოდენიმე ქვეყანას ესტუმრება. როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის ეწვევა ბერლინს, ბრიუსელს და პარიზე.

„არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ქვეყანა, რომლის ქალმა პრეზიდენტმა პირველმა მომილოცა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები