“მთხოვდნენ, პატრიარქისთვის ბოდიში მომეხადა, ჩემი ბოდიში ბოდიშად არ ჩათვალეს” – მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე, რომელიც დღეს მღვდელმთავრობიდან განკვეთეს, განმარტავს, თუ რატომ ითხოვდნენ სინოდის სხდომაზე მისგან შენდობას და ბოდიშის მოხდას.

მეუფე პეტრეს თქმით, მას სინოდის წევრებმა უთხრეს, შეეწყვიტა სატელევიზიო ჩართვები და ასე საჯაროდ გამოსვლები.

“მეუბნებოდნენ, რომ ჩემი სატელევიზიო ჩართვებით და საჯაროობით, თოთქოს, პატრიარქს ვაყენებდი შეურაცხყოფას. ვთვლი, რომ ჩემი ხმის ამაღლება ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა “ციანიდის საქმის” შემდეგ და ჩემთვისაც ბევრი არსებული უბედურება გახდა ცნობილი, რომელიც წარმოუდგენელი იყო. კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა საპატრიარქოს ადმინისტრაციის მიმართ. პირადად პატრიარქის მიმართაც, როდესაც ვთქვი, რომ “მწყემსი კეთილობის” მითი დაიმსხვრა, ვინაიდან, მან არც მომისმინა უდანაშაულო მღვდელთან მიმართებაში, რომ საკითხი დაგვეყენებინა, გვემსჯელა და ამეხსნა, რასთან გვქონდა საქმე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე დარწმუნებულია, რომ მისი დასჯა უფრო ადრეც ჰქონდათ გადაწყვეტილი. ის არც გამორიცხავს, რომ ეს სანქციები მეუფე იაკობის ქცევებისა და საპატრიარქოში არსებული პრობლემების გადასაფარად მიიღეს. 

“ვფიქრობ, რომ თავშივე იყო ჩაფიქრებული ჩემი დასჯა. უბრალოდ, დრო გაიწელა. არც გამოვრიცხავ, რომ ჩემს მიმართ ეს სანქცია მეუფე იაკობის გამოხტომისა და იმ პრობლემების გადასაფარად იქნა მიღებული. მთხოვდნენ, მომეხადა ბოდიში პატრიარქისთვის, რადგან შეურაცხყოფას ვაყენებდი. მე ვუთხარი, რომ გულსა და გონებაში ეს არასდროდ მიფიქრია, ეს განწყობა არ მქონია, რომ პირადად თქვენთვის შეურაცხყოფა მომეყენებინა, თუ თქვენ ეს შეურაცხყოფად მიიღეთ, მე ვიხდი ბოდიშს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ეკლესიაში არის პრობლემები და ამის მოგვარებისთვის უნდა გადაიდგას ნაბიჯები, თუმცა, ჩემი ბოდიში ბოდიშად არ ჩათალეს” – აცხადებს მეუფე პეტრე.  

ჭყონდიდის აწ უკვე ყოფილი მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ დაგროვილი პრობლემებიდან ერთადერთი გამოსავალი საჯაროობაა: “მთხოვდნენ, შემეწყვიტა საჯარო გამოსვლები და აქტიურობა ამ კუთხით. მიმაჩნია, რომ ეს იმდენად პოსტსტაბჭოთა ეკლესიაა, თავისი ჩაკეტილობით დღემდე, ერთადერთი გამოსავალია საჯაროობა, რადგან შიგნით არ არის ამ პრობლემების მოგვარების რესურსი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდიაც მიმართავდა პატრიარქს წერილებით, რომ ეკლესიაში არის მძიმე ცოდვა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი თემები