ტყიდან ნარჩენების გამოტანა არ დაისჯება – მთავრობამ დადგენილება მიიღო

ტყიდან მერქნისა და ხე-ტყის ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გამოტანა და მისი გამოყენება დასჯადი არ იქნება. აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დადგენილების პროექტიც მიიღეს. მის მიხედვით, ხე-ტყით სარგებლობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობებზე შესაძლებელი ხდება, არსებული მოთხრილ-მოტეხილი მერქნისა და ხე-ტყის ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გამოტანა და გამოყენება.

როგორც მთავრობის სხდომაზე აღნიშნეს, აღნიშნული ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ტყის ეკოლოგიური სიჯანსაღის შენარჩუნებას, ხანძრების პრევენციას და მისი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას, ასევე, ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებული სუბიექტებისათვის ნედლეულის მოპოვების წყაროს შექმნას.

მთავრობის სპეციალური დადგენილებით, ლიცენზიის მფლობელს, შესაძლებლობა ეძლევა, თავად აითვისოს სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მოთხრილი ან მოტეხილი მერქნული რესურსი, თუ ის ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი მერქნიანი მცენარეების სახეობებს შეესაბამება. თუ ლიცენზიის მფლობელს ამგვარი ინტერესი არ გააჩნია, მას სახელმწიფო ტყის ფონდი აითვისებს.

მსგავსი თემები