„მთავრობაში იქნებიან ახლებიც და  ისინიც, ვინც  ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია“ – არჩილ თალაკვაძე

 

„ხუთშაბათ დილით პრემიერ-მინისტრი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს,  სადაც იქნებიან ახალი მინისტრებიც და ის მინისტრებიც, რომლებიც ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია. ხუთშაბათიდან,  პრემიერ-მინისტრი ახალ შემადგენლობასთან ერთად,  ძალიან აქტიურ, ახალ სამოქმედო გეგმაზე გადავა და თქვენ ნახავთ იმ მკვეთრ, სწრაფ  გადაწყვეტილებებსა და რეფორმებს, რომელიც  მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა გატარდეს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „მთავართან“ საუბრისას.

დეპუტატის განცხადებით,  ეკონომიკის ზრდა არაფერს ნიშნავს, თუ ამ ეკონომიკის ზრდით უკეთესობას თითოეული მოქალაქე არ გრძნობს: „მხოლოდ რიცხვებით ბედნიერი ვერავინ იქნება. მხოლოდ ის, რომ დღეს ჩვენს  მოქალაქეებს ციფრები დავუსახელოთ, რამდენით გაიზარდა ეკონომიკა, არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკა არ იქნება ინკლუზიური,  თუ ამ ეკონომიკურ ზრდაში უკეთესობას თითოეული მოქალაქე არ გრძნობს,  თუ ამ ეკონომიკურ ზრდაში ყველა არ იღებს მონაწილეობას და აქ ნამდვილად არის ჩვენი გუნდი გამოწვევის წინაშე. ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდა კარგია,  მაგრამ, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართულობა და ეკონომიკური პროცესების  უფრო მეტი გადანაწილება“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიღარიბე რჩება და სწორედ  ამიტომ, ახალი მთავრობის რეფორმის შედეგად მობილიზებული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.

„გპირდებით, რომ შემდგომი რეფორმები ზუსტად იმაზე იქნება გათვლილი,  რომ ამ ეკონომიკაში თქვენი და თვენი მეზობლების თუ ნაცნობების მონაწილეობა კიდევ უფრო გაიზარდოს.  სამწუხაროდ, ამოცანად რჩება ის, რომ სიღარიბის ზღვარს მითმა მყოფი ადამიანები ჯერ კიდევ ამ კატეგორიაში არიან. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ოჯახი რჩება სიღარიბეში.  გასაკეთებელი გვაქვს უფრო მეტი, უფრო მეტად უნდა შევიდეთ ამ ადამიანების პრობლემებში და უფრო მეტი უნდა ველაპარაკოთ მათ,  ვისაც დახმარება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მცირე მთავრობის რეფორმის შემდეგ მობილიზებული ფინანსური რესურსი პირადად მოხმარდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები და რომლებიც ამავდროულად სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან. სწორედ ეს არის მთავარი პრიორიტეტი რომელიც მთავრობას და პარლამენტს ერთად აქვს იდენთიფიცირებული“, – განუცხადა თალაკვაძემ „მთავარს“.

მსგავსი თემები