„მთავარი მოვალეობაა, ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები“ – რას ფიქრობს ხელისუფლება დავით გარეჯზე

საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტი, საზღვრის სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან, რომელიც, მათივე შეფასებით, გრძელვადიანია. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თუ ბოლომდე დამკვიდრებული საზღვრები არ გვექნება, დამოუკიდებლობაც ვერ იქნება გამყარებული. საგარეო მინისტრი კი აცხადებ, რომ საკითხი მოკლე დროში ვერ გადაწყდება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, მოლაპარაკებებს უნდა დაველოდოთ, რომელმაც ისეთი შედეგი უნდა დადოს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები იქნება.

„აუცილებელია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა და კომისიის დონეზე მუშაობა საზღვრის დემილიტარიზაცია-დემარკაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მონდომებული და მოწოდებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ამ კომისიის და ამ მოლაპარაკებების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე, ეკლესიისთვის“ – ასეთია გიორგი გახარიას პოზიცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მედიას და სხვა დანარჩენ საზოგადოებას მოუწოდებს, კომისიის მუშაობას ხელი არ შეუშალონ:

„დღეს ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან დავით გარეჯის ცალკეულ მიმართულებებზე იმ პრაქტიკის მიხედვით, რაც არსებობდა. მე მაქვს ერთი თხოვნა ყველასთან, მათ შორის ქართულ მედიასთან – ძალიან გთხოვთ, ეს არის ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც არსებობს რეალურად ამა თუ იმ მომენტში. ეს არის ძალიან ფაქიზი და ემოციური საკითხი ყველასთვის. ამავე დროს კომისია აგრძელებს პარალელურად მუშაობას. მოგეხსენებათ, რომ ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა.“

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანას სამუდამო საზღვრები უნდა ჰქონდეს.

„ჩვენი მთავარი მოვალეობაა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ გვექნება. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახან ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეს ალბათ, ახლო მომავალში დავიწყებთ და საჭირო არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცვით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს საზღვრები,” – აცხადბს სალომე ზურაბიშვილმა.

ქვეყნის მთავარი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ქვეყნის ისტორიულ, მძიმე მემკვიდრეობაზე საუბრობს და ამბობ, რომ ის, რაც სსრკ-ს შმდეგ მივიღეთ, ცივილურად, კომისიის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.

„აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დაწყებულია. სადელიმიტაციო კომისია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მუშაობდა, მისი მუშაობა განახლებულია. უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ რა მოცემულობაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ. აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედ ამ კომისიის ფარგლებში ვისაუბროთ ამ საკითხებზე. ჩვენმა დელეგაციამ, რომელიც 23-24 მაისს მონაწილეობას იღებდა დიალოგსა და მოლაპარაკებებში, დააყენა ყველა საკითხი, რადგანაც აუცილებელია, მოლაპარაკების პროცესში, მაშინ როდესაც კომისია მუშაობს, იქ იმის აღქმაც კი არ შეიქმნას, რომ სტატუს კვო იცვლება. მიღწეულია შედეგი, რომ იქ შეჩერებულია ყოველგვარი მუშაობა და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ამ მიმართულებით დიალოგს“, – აცხადებს დიპლომატი.

დავით ზალკალიანის შეფასებით, ეს საქმე ასე მარტივად და მოკლე დროში გადასაწყვეტი არ არის. შესაბამისად, პირობას დებს, რომ ყველაფერი სახელმწიფო ინტერესების სასაგებლოდ გადაწყდება.

„მიღწეულია შეთანხმება, რომ ექსპერტები ადგილზე გააგრძელებენ მუშაობას, ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე. 90-იანი წლებიდან დაწყებული უმძიმესი მემკვიდრეობა მოდის დღემდე და ვერც ერთი, ორი და ვერც სამი რაუნდით ეს ვერ გადაწყდება. მაგრამ მთავარია, იყოს მზაობა, პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპებზე დაფუძნებით და რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევის მიზნით. რაც შეეხება აქციას, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს”, – აცხადებს მინისტრი.










მსგავსი თემები