“მთავარი მესიჯი ამ წერილისა არის ის, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას” – ლორა თორნტონი

“მთავარი მესიჯი ამ წერილისა და კომუნიკაციის არის ის, რომ აშშ და კონგრესი აგრძელებს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას”, – ასე აფასებს „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილს, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს.

„მე თავადაც ვიყავი აშშ-ში და მქონდა შეხვედრა კონგრესმენებთან. მთავარი მესიჯი ამ წერილისა და კომუნიკაციის არის ის, რომ აშშ და კონგრესი აგრძელებს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. ისინი არიან საქართველოს მეგობრები და მუდმივად თვალ-ყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ისინი უნდა იყვნენ გახსნილი, რომ თავიანთი წუხილი იქნება თუ სხვა შეფასება, გამოხატონ. ეს წერილიც ზუსტად ამის მანიშნებელია, რომ არიან მონდომებული, მუდმივად დააკვირდნენ, საქართველოში ეს დემოკრატიული პროცესი რომ მიმდინარეობს და გრძელდება. განსაკუთრებით, როცა მომავალი არჩევნების წელია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ის საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კომენტარს თორნტონი ამბობს, რომ ვერ იტყვის, რას გულისხმობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„ზუსტად ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა ბატონი გახარია, თუმცა მხოლოდ წერილობითი კომუნიკაციის ფორმა არ არის ორ მხარეს შორის, პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი იყო აშშ-ში ცოტა ხნის წინ, ასევე კონგრესის წარმომადგენლები გვყავდა ჩამოყვანილი და მათთანაც იყო შეხვედრა. ანუ, მუდმივი შეხვედრები არის და მხოლოდ წერილობითი ფორმა არ აქვს ამ ურთიერთობას.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციის მიერ არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, ეს კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რეგულარული და მუდმივი საუბარი და ის, რომ ორივე მხარე მუდმივად აწვდიდეს ერთმანეთს ინფორმაციას“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენებმა წერილი გამოუგზავნეს. წერილში, რომელიც 21 იანვრით არის დათარიღებული, გამოხატულია მკვეთრი კრიტიკა და შეშფოთება საქართველოში დაპირებული საარჩევნო რეფორმების ჩავარდნის, ოპოზიციის დევნისა და ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, ობიექტურად განიხილოს.

მსგავსი თემები