“მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას” – კახა კუკავა

“დღეს სამ პარტიას: „ქართულ ოცნებას”, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ დაგროვებული აქვთ ხაზინის ნაძარცვი ათეულობით მილიონი, რომელსაც ხარჯავენ არჩევნებში, მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას, რაც არ არის თანასწორობა“, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საჭიროა ფინანსების მარეგულირებელ წესებში ზედა ზღვარი დაწესდეს.

„ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მედიის, ასევე ფინანსების მარეგულირებელ წესებში უნდა იყოს შემოღებული ზედა ზღვარი. აუცილებელია, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება გვქონდეს, ვიდებატოთ ეთერებში და დაახლოებით თანასწორი საშუალება გვქონდეს, რომ ჩვენი კამპანია დავაფინანსოთ. დღეს სამ პარტიას: „ქართულ ოცნებას”, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ დაგროვებული აქვთ ხაზინის ნაძარცვი ათეულობით მილიონი, რომელსაც ხარჯავენ არჩევნებში, მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას, რაც არ არის თანასწორობა”, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

კუკავას მიაჩნია, რომ ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს და საქართველოს პირობებში, ეს შეიძლება, ერთი მილიონი ლარი იყოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვითარება გვექნება, რაც დღეს. ვინც კი მევახშე, ბანკირი, რეკეტიორი და გამომძიებელი იყო, პარტიას ქმნის. ხაზარაძისა და კეზერაშვილის იდეებით რომ არ არის მოხიბლული ამომრჩეველი, იცით, მაგრამ ისინი იმ იმედით არიან, რომ ყულაბას დადგამენ, დაიწყებენ ამომრჩევლის მოსყიდვას”, – განაცხადა კახა კუკავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტი წარადგინა.

მსგავსი თემები