“მე გთავაზობთ, ვიფიქროთ გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე” – ლევან გოგიჩაიშვილი

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აუცილებლად მიიჩნევს. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღება სახელმწიფოს პროცესების უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს.

„ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პანიკა, რომელიც არანაკლებ პრობლემებს იწვევს, ვიდრე კორონავირუსი. ვფიქრობ, იმ ზიანს, რაც ამ მოცემულობას ეკონომიკისთვის მოაქვს, ქვეყანა ისედაც იღებს. იმისთვის, რომ პროცესების მართვა უფრო მეტად შევძლოთ, არ არის აუცილებელი რაღაც გადაწყვეტილება გადავდოთ. მე გთავაზობთ, ვიფიქროთ გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. იმ ზარალს, რასაც ეკონომიკა მიიღებს, ეს პანიკა მაინც გამოიწვევს. გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, პირველ რიგში, ჩავაცხრობთ პანიკას. მეორე რიგში, გამოვავლენთ პრობლემებს და სახელმწიფოს ექნება ლეგალური შესაძლებლობა, რომ მართოს პროცესი როგორც ვირუსის აღმოფხვრის, ისე პანიკის თვალსაზრისით,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება დროულად მიიღებს ყველა ზომას, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია.

„თუ საჭიროება იქნება, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას ექნება პარლამენტის მხარდაჭერა. ჩვენს მოქალაქეებს ვარწმუნებ, რომ ყველა ზომა, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად, დაგვიანების გარეშე იქნება მიღებული. ახლა არის პროფესიონალური და გამბედავი გადაწყვეტილებების დრო და ხელისუფლება ასეც აკეთებს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები