მეჩეთბში კოლექტიური ლოცვა ჩერდება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

1.     იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხე დგას, ამავე დროს, მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა.

ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ შემთხვევაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს პარასკევის ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება. ასევე, ადამიანის ქონებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ვინაიდან ახალი კორონა ვირუსის გავრცელება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, ზემოთ ხსენებული ლოცვების ჯამაღეთით შესრულების ვალდებულება დროებით მოხსნილია. ამ შემთხვევაში პარასკევის ლოცვის ნაცვლად, საკუთარ სახლებში შუადღის ლოცვა შესრულდება.

2.     მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ღია დარჩება ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის. აქვე, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს მოგიწოდებთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ ოპტიმიზმით განწყობილი და არ ჩავვარდეთ პანიკაში, სრულად დავიცვათ ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მივენდოთ ღმერთს. ახსოვდეს ყველას, რომ მხოლოდ მტკიცე რწმენითა და ოპტიმიზმით შევძლებთ სიძნელეებზე გამკლავებას. ვილოცოთ ყველამ ამ სირთულიდან თავის დაღწევისა და თითოეული სნეულის მალე გამოჯანმრთელებისთვის. კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებს კი ვუსურვებთ გამძლეობას და მოთმინებას.


მსგავსი თემები