“მეუფე პეტრემ ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანს, რომლის წყალობით ჰქონდა ყველაფერი” – ლევან ვასაძე

“მეუფე პეტრემ ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანს, რომლის მამობრივი ზრუნვითა და წყალობით ჰქონდა მას ყველაფერი ამ ცხოვრებაში მისი ეკლესიამდელი უღირსი ცხოვრების მიუხედავად”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ვიდეომიმართვაში ვასაძე საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და კონკრეტულად მეუფე პეტრეს განცხადებებზე გააკეთა აქცენტი.

„გასულ კვირას მთელი საქართველო შემზარავი მოვლენის მომსწრე გახდა; ყოფილმა მეუფე პეტრემ, იგივე პაატა ცაავამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მისი მრავალწლიანი უღირსი საქციელის გამო მისი მღდელმთავრობის შეჩერების მერე ჟურნალისტების თვალწინ და მთელი ქვეყნის წინაშე გაუგონარი და ენით გამოუთქმელი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ერის სულიერ მამას და დასწამა მას ცილი იმ ცოდვაში სწორედ, რომლის მიმდევრებიც დუჟმომდგრებიც უჭერენ მხარს სწორედ პაატა ცაავას. მან ეს ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანს, რომლის მამობრივი ზრუნვითა და წყალობით ჰქონდა მას ყველაფერი ამ ცხოვრებაში მისი ეკლესიამდელი უღირსი ცხოვრების მიუხედავად. პაატას მხარი დაუჭირა საქართველოს სრულიად ლიბერალურმა საჭინკეთმა; ზოგმა მაგალითად, ე.წ. სახალხო დამცველმა იგულისხმა, ეგ რაც თქვით პატრიარქზე, ეგრეც რომ იყოსო, უბრალოდ რატომ მიმართავთ მას სიძულვილის ენითო. ზოგმა მაგალითად, თბილისის ყოფილმა მერმა, მოუწოდა საპატრიარქოს, მაინც მასეთები ხართ და აღიარეთ ეს და გაგათავისუფლებთ რუსეთის გავლენისგანო. ზოგმა ჟურნალისტმა ჩვენი მოსახლეობის გულის გასახეთქად სეირი მოაწყო ამ შემზარავი ფაქტისგან და ხალისობს იმისგან, რომ ამ დაშინებულ და გაჭირვებულ, დამარცხებულ ერს ბოლო ნათელ წერტილს უგინებენ, შეურაცხყოფენ და წამებენ ცილს.

ჩვენ ისედაც გატანჯული ერი, რომელიც უმუშევრობით იტანჯება, უძვირეს კრედიტებში ცდილობს ოჯახის წევრების სამკურნალო ფულის შოვნას და ბოლო ქონებას კარგავს მძარცველი და მევახშე ბანკირებთან, ერი, რომლის შვილებიც ყველგან მოდებული ნარკომანიით, პორნოგრაფიით და კაზინოებით მათ თვალწინ ირყვნებიან და იღუპებიან, ერი, რომელიც ექვსი მილიონი იყო და ახლა თითქმის სამ მილიონამდე შეამცირეს 70 წლის განმავლობაში, ერი, რომლის ოჯახის წევრებიც იძულებულები არიან უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ, რადგან აქ თავიანთი ოჯახები როგორმე არჩინონ, ერი, რომელშიც ყოველი მეშვიდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, ერი, რომელიც არა გაანახევრეს, არამედ უთვალავი ირანელი, თურქი, არაბი და ჩინელი ემიგრანტი უკონტროლოდ ჩამოუსახლეს, რათა ის მათში გათქვიფონ და უეროვნებო, რევოლუციებით მართულ აჯაფსანდალად აქციონ, რომელსაც ვისთანაც უნდა იმასთან აომებენ თავიანთი ინტერესების გამო, ეს ჩვენი ერი თავისი სულიერი მამის და მისი ყველაზე საყვარელი და საპატივცემულო ეკლესიის ასე გათელვასა და ცილისწამებას ცრემლიანი და გულგახეთქელი შესცქერის და კითხულობს რა ვქნათ, როგორ დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა. ამას ყველაფერს დამცინავად შესქცერის ლიბერალური დემონი, რომელიც მხარს უჭერს პაატა ცაავას და მისნაირებს, გეგმაზომიერად ანადგურებს ერს და ამაში ფულს იღებს, მხარს უჭერს პაატა ცაავას და მისნაირებს და მანდ დავასრულოთ“, – აცხადებს ლევან ვასაძე.

მსგავსი თემები