“მეუფე გრიგოლს ვკითხე: ეს ყველაფერი მართალი თუ აღმოჩნდება რას იტყვითქო და მან რუსულად მიპასუხა : “მამა უნდა დაფარო” – მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც სინოდმა მღვდელმთავრობიდან განაყენა, ჭყონდიდის ეპარქიაში იმყოფება. ის ეპარქიაში გუშინ, 31 ოქტომბერს, ღამით ჩავიდა, სადაც მრევლი ელოდებოდა. პეტრე ცაავა ეკლესიაში შეკრებილებს შეხვდა. 

მეუფე პეტრეს განცხადებით, ის რჩება ეპარქიაში და დაელოდება მეუფე გრიგოლის ჩასვლას. პეტრე ცაავამ ასევე აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გრიგოლ კაციას ჭყონდიდის ეპარქიას ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ციანიდის საქმის შემდეგ სთავაზობდნენ. 

“მე ძალიან მებრალება მეუფე გრიგოლი. მძიმე ჯვარი შეხვდა მასაც, თავისი სინდისის წინაშე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა ციანიდის თემა დაიწყო, პატრიარქის მდივან-რეფერანტი მას სთავაზობდა ჭყონდიდელობას. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არაა სახარბიელო მდგომარეობა”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ამასთან, უკვე განყენებული მღვდელმთავარი ამბობს, რომ მეუფე გრიგოლი მიმდინარე წლის ივნისში იმყოფებოდა მასთან, როგორც პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი. მეუფე პეტრეს თქმით, გრიგოლ კაციას ესაუბრა “არსებულ ცოდვებზე”, რაზეც მან უპასუხა, რომ “მამა უნდა დაფარო”.

“მეუფე გრიგოლი ჩემთან იყო ჩამოსული ივნისის თვეში, პატრიარქის მიერ გამოგზავნილი. მას ვესაუბრე არსებულ მდგომარეობაზე, არსებულ ცოდვებზე. ბოლოს ვუთხარი, რასაც ვსაუბრობ, ეს ყველაფერი თუ მართალი აღმოჩნდება მაშინ რას იტყვითქო და მან რუსულად მიპასუხა : “მამა უნდა დაფარო”, – განაცხადა მამა პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან განაყენა.

მსგავსი თემები