მეტროსადგურ “გოცირიძის” ხიდის ჩანგრევის საფრთხე არ არსებობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია უარყოფს ინფორმაციას, რომ მეტროსადგურ “გოცირიძის” ხიდი დაზიანებულია და მგზავრებს მისი ჩანგრევით საფრთხე ემუქრებათ.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გავრცელებული ვიდეო, რომელიც ასახავს ხიდის დაზიანებას სიცრუეა, რაც დასტურდება იმით, რომ ხიდს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ მეტრო სადგური გოცირიძის ხიდი სრულიად უსაფრთხოა მგზავრებისთვის.

“აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ხიდს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც ხიდი არის სრულიად უსაფრთხო მგზავრებისთვის. რამდენიმე დღეში, ასევე, მოიხსნება მატარებლების გადაადგილების სისწრაფეზე შეზღუდვა,” – განუცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში “მედიაცენტრ მთავარს”.

მოგვიანებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მეტრო სადგურის ექსპერტიზის საბოლოო შედეგები ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის და ცოტა ხანში გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც საუბარია მეტრო სადგურ “გოცირიძის” ხიდის დაზიანებაზე.

მეტროსადგური “გოცირიძე” (ყოფილი ელექტროდეპო) თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგურია. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და მისი პროექტი ეკუთვნის არქიტექტორებს გ. მოძმანიშვილს და ნ. ლომიძეს, ხოლო მშენებლობა საპროექტო ორგანიზაცია საქტრანსპროექტმა განახორციელა. გოცირიძე სადგურ დიდუბის მსგავსად მიწისზედაა განლაგებული.

ჟურნალისტი მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები