მეტროსადგური “ავლაბარი” რეაბილიტაციის მოლოდინში

თბილისის მერ კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურ “ავლაბარის” სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 თებერვლისთვის დასრულდება. მეტროსადგური განახლებული და მოდერნიზებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

“გვესმის, რომ მოქალაქეებისთვის მეტროსადგურების დღეს არსებულ მდგომარეობაში ფუნქციონირება კომფორტული არ არის, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, სადაც ჩვენთვის პრიორიტეტია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება”, – აცხადებს კახა კალაძე.

მისივე ინფორმაციით, 2019 წლიდან იგეგმება თბილისის სხვა მეტროსადგურების რეაბილიტაცია, მათ შორის, სადგურების – “ისანი”, “რუსთაველი”, “თავისუფლების მოედანი”, “მარჯანიშვილის მოედანი”, “წერეთელი”, “გოცირიძე”, “გურამიშვილი”, “სამგორი”, “ვარკეთლი”.

„ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულება რჩება. ავტობუსებთან დაკავშირებით ვგეგმავთ, 2019 წელს მთლიანად ჩავანაცვლოთ არსებული პარკი და ახალი, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, მეტროსადგურების, ვაგონების და შემადგენლობების განახლება-რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია”, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მსგავსი თემები